სპეციალისტებმა თბილისის მეტროს მოდერნიზაციის შესაძლებლობები შეაფასეს

© FB/Мэрия Тбилисиთბილისის მეტროს განახლებული ვაგონი
თბილისის მეტროს განახლებული ვაგონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზიის განვითარების ბანკის დაკვეთით სპეციალისტებმა თბილისის მეტროს განვითარებისთვის რეკომენდაციები ჩამოაყალიბეს.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ფრანგმა სპეციალისტებმა თბილისის მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის, ინფრასტრუქტურის განახლების, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისა და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობები შეისწავლეს.

ფრანგული კომპანია Sistra-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია თბილისში ოთხშაბათს გაიმართა. კვლევაში წარმოდგენილია მეტროს ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შემდგომი განვითარებისთვის. კვლევა აზიის განვითარების ბანკის დაკვეთით ჩატარდა.

"აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება ძალიან მნიშვნელოვანი საკონსულტაციო მომსახურებით, რომელიც თბილისის მეტროს ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებას გულისხმობს. ბოლო პერიოდში ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მეტროს ვაგონების მოდერნიზაციასა და, საერთოდ, მეტროსადგურების განახლებაზე. ამდენად, აღნიშნული კვლევა იქნება ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი, რომელიც მეტროს შემდგომი სწორი განვითარების დაგეგმვაში მნიშვნელოვან სამსახურს გაგვიწევს", — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო
თბილისის მეტრო დიდ დიღომს დაუკავშირდება

თბილისის მეტროპოლიტენი ყოველდღიურად დაახლოებით 290 ათას მგზავრს ემსახურება. თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში, მგზავრთა რაოდენობის მიხედვით, მას მესამე ადგილი უკავია სამარშრუტო მიკროავტობუსებისა და ავტობუსების შემდეგ.

მეტროპოლიტენის განახლების პროცესი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2016 წელს დაიწყო. გასულ წელს კაპიტალურად გაარემონტეს 16 ვაგონი, ხოლო ოთხი ვაგონი მთლიანად მოდერნიზებულია.

საქართველოს დედაქალაქში მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რიგით მეოთხე იყო — მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის შემდეგ.

თბილისის მეტროპოლიტენის ბოლო სადგური 2000 წელს გაიხსნა. ამჟამად თბილისში მეტროს 22 სადგური ფუნქციონირებს, რომელიც ორ ხაზზეა განლაგებული — ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე. მეტროპოლიტენის ხაზების საერთო სიგრძე 56 კილომეტრია.

მიმდინარე წლის აგვისტოში იგეგმება ახალი, 23-ე სადგურის — "უნივერსიტეტის" გახსნა (საბურთალოს ხაზზე).

ყველა ახალი ამბავი
0