თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი, ვოკალისტი და გიტარისტი სტივ მორისონი (Steve Morrison) გამოვა კახეთში საერთაშორისო ბლუზ-ფესტივალზე Blues&Wine.
სტივ მორისონი გიტარაზე დაკვრის უჩვეულო ვირტუოზული მანერითა და სასიამოვნო ვოკალით გამოირჩევა. ის ევროპის მრავალი მუსიკალური ფესტივალის მონაწილეა. 2016 წელს გახდა ბრიტანული სატელევიზიო შოუს Guitar Star ფინალისტი.
"სტივ მორისონს მუსიკალურ სამყაროში მოიხსენებენ, როგორც one man band. მან შეძლო ჯონ ლი ჰუკერის ენერგიული რიტმები შეხამება რაი ქუდერის ტკბილხმოვანებასთან და მიიღო ბლუზის უნიკალური, ძლიერი ხმა. სტივის თბილი ბრიტანული აქცენტით შესრულებული მელოდიები ბუნებრივად ქმნის საცეკვაო სახალისო განწყობას", — ნათქვამია ფესტივალის Blues&Wine ორგანიზატორების განცხადებაში.
სტივ მორისონი ქართველი მსმენელის წინაშე 29 ივლისს წარდგება, ხოლო 30 ივლისს მონაწილეობას მიიღებს ჯემ-სეიშენში ქართველ და უცხოელ ჯაზ-მუსიკოსებთან ერთად.
საერთაშორისო ბლუზ–ფესტივალი ლაგოდეხის ნაკრძალთან ახლოს ტერიტორიაზე ტარდება. ფესტივალის Blues&Wine საინფორმაციო პარტნიორი 2017 წელს საინფორმაციო სააგენტო და რადიო "Sputnik–საქართველო" გახდა.
საერთაშორისო ბლუზ–ფესტივალი კომპანია Blues Village-ის, ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.