ცეცხლოვანი შარლიზ ტერონი, ლეგენდარული თუფაკ შაკურის რეალური ისტორია და სოფია კოპოლას ახალი ტრილერი — "Sputnik-საქართველო" განაგრძობს ყველაზე ცხელ-ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების მიმოხილვას, რომლებიც კინომანებს უქმეებზე ელით.
27 ივლისიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები გაიმართება:
„ფეთქებადი აგენტი“(Atomic Blonde) — დევიდ ლიტჩის მიერ გადაღებული ამერიკული ფილმი ჯაშუშებზე. ფილმის სცენარი ეფუძნება ენტონი ჯონსტადის გრაფიკულ რომანს „ყველაზე ცივი ქალაქი“ (2012). ფილმი მოგვითხრობს დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის საუკეთესო აგენტის — ლორეინ ბროტონის შესახებ. გარდა იმისა, რომ ლორეინი პროფესიონალი ჯაშუშია, ის ამავე დროს ფეთქებადი ხასიათის ქალია. მას აგზავნიან ბერლინში დავალებით, საიდანაც არეულობით მოცული ქალაქიდან მნიშვნელოვანი დოსიეს წამოღება მოუწევს. ამ რთულ საქმეში მისი მეწყვილე დევიდ პერსივალი იქნება.
მთავარ როლებში: შარლიზ ტერონი, კეიმს მაკევოი.
საინტერესო ფაქტები: შარლიზ ტერონს რვა პერსონალური მწვრთნელი ჰყავდა, რომლებიც მას როლისთვის ამზადებდნენ. ის აგრეთვე კიანუ რივზთან ერთად ვარჯიშობდა, რომელიც ემზადებოდა ფილმ „ჯონ უიკი 2-ის“ (2017) გადაღებებისთვის. ამბობენ, რომ ფილმის გადაღებებზე შარლიზ ტერონს ორი კბილი ჩამოტყდა.
„2 PAC: ნამდვილი ამბავი“ (All Eyez on Me) — ბენი ბუმის ამერიკული ბიოგრაფიული დრამა ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის, მსახიობის, პოეტისა და აქტივისტ თუფაქ შაკურის შესახებ. ფილმი თუფაქის ცხოვრების რეალურ ისტორიას მოგვითხრობს. ახალგაზრდა თუფაკი ნიუ-იორკის ქუჩებში იზრდებოდა. მან უამრავი სირთულე გადალახა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი გახდა. მისი ალბომი All Eyez on Me აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია.
თუფაქი 25 წლისა გარდაიცვალა, თუმცა მისმა ნიჭმა, გულშიჩამწვდომმა ტექსტებმა და მეამბოხე სულმა ის მასობრივი კულტურის ხატად აქცია. ფილმი მოგვითხრობს, როგორ იქცა თუფაქი სუპერვარსკვლავად, მის პატიმრობაა და ნაყოფიერ, მაგრამ წინააღმდეგობებით სავსე თანამშრომლობაზე ლეიბლ Death Row Records-თან.
საინტერესო ფაქტები: როდესაც ბენი ბუმმა პირველად ნახა მთავარი როლის შემსრულებლის, დემეტრიუს შიპ-უმცროსის ფოტო, მას ეგონა, რომ ეს თავად თუფაქის ფოტო იყო. რეპერებმა თუფაქის ჯგუფ Outlawz-იდან მალკოლმ გრინიჯმა (EDI Mean) და რუფუს კუპერ III (Young Noble) ფილმში საკუთარი თავები ითამაშეს.
ფილმის ტრეილერი 2016 წლის 16 ივნისს გამოვიდა — იმ დღეს, როდესაც თუფაქ შაკურს 45 წელი შეუსრულდებოდა.
„ცდუნება“(The Beguiled) — რეჟისორ სოფია კოპოლას მიერ მწერალ ტომას კულინანის რომანის მიხედვით გადაღებული ამერიკული დრამატული ტრილერი. მოვლენები აშშ-ში, სამოქალაქო ომის დროს ვითარდება. ვირჯინიაში, გოგონათა პანსიონში ახალგაზრდა ქალბატონები გარე სამყაროსგან დაცულად ცხოვრობენ. ერთხელ პანსიონთან ახლოს გოგონები დაჭრილ ჯარისკაცს შენიშნავენ. ისინი მას კეთილი განზრახვით უვლიან, თუმცა თანდათანობით ის გოგონებს შორის მზარდი სექსუალური დაძაბულობის მიზეზი ხდება, რაც მოულოდნელ შედეგებს გამოიწვევს.
მთავარ როლებში: კოლინ ფარელი, ნიკოლ კიდმანი, კირსტენ დანსტი, ელ ფანინგი, უნა ლოურენსი.
საინტერესო ფაქტები: ეს რომანის ახალი ინტერპრეტაციაა. მარტას როლი სოფია კოპოლამ თავიდანვე ნიკოლ კიდმანს მოარგო. ფილმი 26 დღეში გადაიღეს.
გასული კვირიდან თბილისი კინოეკრანებზე გამოვიდა რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის სამხედრო დრამა" დიუნკერკი"(Dunkirk), რეჟისორ ფრანკ ჰალფუნის ამერიკული საშინელებათა ფილმი „ამიტვილი: ეშმაკის გამოღვიძება" (Amityville: The Awakening) და რეჟისორ ანტონიო ნეგრეტას ფრანგული ბოევიკი „ოვერდრაივი"(Overdrive).
ასევე თბილისის კინოთეატრებში — რეჟისორ კეიტ შორტლანდის ავსტრალიური ტრილერი "ბერლინის სინდრომი" (Berlin Syndrome), რეჟისორ მეტ რივზის ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი "ბრძოლა მაიმუნების პლანეტისთვის" (War for the Planet of the Apes), ამერიკული მხატვრული ფილმი "სპაიდერმენი: დაბრუნება" (Spider-Man: Homecoming) და რეჟისორ ენდრიუ ჯ. კოენის ამერიკული კომედია "ოპერაცია კაზინო" (The House).
მულტფილმები ბავშვებისათვის — მულტფილმი "საზიზღარი მე 3" და "მანქანები 3" (Cars 3).
გისურვებთ სასიამოვნო კინოჩვენებას!