თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. სოფელ გავაზში მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ავარია ყვარლის რაიონის ცენტრალურ ტრასაზე მოხდა. ხესთან შეჯახების შემდეგ ავტომობილი რამდენჯერმე გადაბრუნდა. სამი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, ორი დაშავებული კი დროულად გადაიყვანეს საავადმყოფოში.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. აღნიშნული ისჯება 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.