თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. სამთავრობო პროექტის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში თბილისში მორიგ ინდურ ფილმს — რეჟისორ ლუვ რანჯანის რომანტიკულ კომედიას Sonu Ke Titu იღებენ.
ფილმის გადაღებები დავით აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარეობს. ფილმის ქართველი პროდიუსერის, აკო მაჭავარიანის თქმით, ინდოელი კინემატოგრაფისტები გადაღებებით კმაყოფილი არიან და საქართველოსთან მომავალში თანამშრომლობის იმედი აქვთ.
"დღეს მეოთხე გადასაღები დღეა. ტექნიკურად ძალიან გამართული ჯგუფია, თვითონაც მომზადებულები ჩამოვიდნენ და ჩვენი მხრიდანაც პროფესიონალები დახვდნენ. ყველაზე კარგი ის არის, რომ ძალიან კმაყოფილები არიან და კიდევ გეგმავენ ჩვენთან თანამშრომლობას", — აღნიშნა მაჭავარიანმა.
ფილმის პრემიერა 2017 წლის 5 ნოემბერს არის დაგეგმილი.
ამ პროექტში 150-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება, ფილმის ბიუჯეტი 800 ათას ლარს შეადგენს, განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის "აწარმოე საქართველოში" მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ანთიამ.
მან აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2016 წლიდან არსებობს, უკვე განხორციელდა 9 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციები და შეიქმნა 700-მდე ახალი სამუშაო ადგილი.
ლუვ რანჯანი პოპულარული ინდოელი რეჟისორი, სცენარისტი, კომპოზიტორი და მწერალი, Luv Films-ის პარტნიორი და პროდიუსერია.
მთავარ როლებში იღებენ მსახიობებს: კარტიკ აარიანი, ნუშრატ ბხარუჩა, სანი სინგხი და სხვები.
პროექტი "გადაიღე საქართველოში" ითვალისწინებს ნაღდი ფულის დაბრუნების მექანიზმს, რაც ნიშნავს, რომ კინომწარმოებელი საქართველოში ფილმის გადაღებაზე გაწეული კვალიფიციური ხარჯების 25%-ს უკან მიიღებს.