თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. სახანძრო სამსახურის დაახლოებით ასამდე თანამშრომელი ებრძვის დაბა წაღვერის სიახლოვეს მდებარე არჯევანის ტყეში გაჩენილ ხანძარს, ნათქვამია საქართველოს შსს-ს განცხადებაში.
ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა და 5 ჰექტარამდე ტერიტორიას მოედო. ხანძრის ქრობაში ვერტმფრენია ჩართული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეხანძრეებმა ზოგ ადგილში ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს, თუმცა ქარი ვითარებას ართულებს.
ამ დროისათვის ცეცხლის გავრცელების საფრთხე დასახლებულ პუნქტებში არ არსებობს. ტყესთან ყველაზე ახლოს, ორ კილომეტრში დაბა წაღვერი მდებარეობს.