თბილისი, 23 ივლისი-Sputnik. მინსკში დაწყებულ ევროპის თასის გათამაშების პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ვერცერთი მედალი ვერ მოიპოვეს.
66 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს წარმოადგენდნენ ლუხუმ ჩხვიმიანი და ლაშა გიუნაშვილი. ჩხვიმიანმა მესამე რაუნდში მოლდოველ დენის ვიერუსთან წააგო, ხოლო გიუნაშვილმა მეორე წრეში უკრაინის წარმომადგენელ რობერტ ჰასანგაევთან.
ამ წონაში ჩემპიონი აზერბაიჯანელი ნიჯათ შიხალიზადე გახდა. ქართველებმა ვერც 73კგ-მდე წონაში ივაჟკაცეს. ბექა შავდათუაშვილმა ადრეულ ეტაპზე წააგო უკრაინელ არტიომ ხომულასთან, ხოლო ფრიდონ გიგანმა მერვედფინალური შეხვედრა დაუთმო რუს ოლეგ ბაბგოევს, რომელიც თავის მხრივ ფინალში დამარცხდა აზერბაიჯანელ ჰიდიატ ჰეიდაროვთან.
მერვედფინალს ვერ გასცდა მარიამ ჯანაშვილიც, რომელმაც ასევე აზერბაიჯანელ საკინე ზაიროვასთან წააგო.
23 ივლისს, მამაკაცები გაითამაშებენ მედლებს 4 წონით კატეგორიაში, ხოლო ქალები სამში. ჩვენი ნაკრები 12 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, 10 მამაკაცი და ორი ქალი.
საქართველოს ნაკრებისთვის მინსკის ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ერთერთი ეტაპია. მსოფლიოს ფორუმი ძიუდოში 28აგვისტოს დაიწყება ბუდაპეშტში და 3 სექტემბრამდე გაგრძელდება.