თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ვარლამ ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის თასის გათამაშებაში ოქროს, ხოლო ნუგზარ ტატალაშვილი ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.
ჩემპიონატი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ტარდებოდა.
საფინალო შერკინებაში ლიპარტელიანი ტურნირის ფავორიტს, ჰოლანდიელ მიხაელ კორელს შეხვდა. გამარჯვებულის გამოსავლენად შეხვედრის ძირითადი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა. დამატებით წუთში ვარლამ ლიპარტელიანმა მოწინააღმდეგეს იპონით მოუგო.
რაც შეეხება ნუგზარ ტატალაშვილს, მას სულ ერთი ნაბიჯი დააკლდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე. მან საფინალო ბრძოლა რუს დენის კალინინთან დათმო.
გარდა ამისა, ტურნირში ქართველმა ძიუდოისტებმა: თამაზ კირაკოზაშვილმა, (-81 კგ), უშანგი მარგიანმა (-90 კგ) და ლაშა ტაველკრიმ (-100 კგ) ბრინჯაოს მედლები აიღეს.
ამრიგად, საერთო გუნდურ ჩათვლაში მამაკაცთა შორის საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე აზერბაიჯანის ნაკრები გავიდა, რომლის ანგარიშზეც ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალია.
საქართველოს ნაკრებისთვის მინსკის ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპი გამოდგა, რომელიც ბუდაპეშტში 28 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე გაიმართება.