თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ 19 ივლისს გაუჩინარებული ზურაბ ჩახტაური შინ დააბრუნა, იუწყება სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 ივლისს შსს-ს სასაზღვრო პოლიციას დაუკავშირდა მწყემსი და აცნობა, რომ 18 ივლისს, შებინდებისას საძოვრიდან მხოლოდ ცხვრის ფარა დაბრუნდა, ხოლო მისი ნაცნობი მწყემსი, 1977 წელს დაბადებული ზურაბ ჩახტაური გაუჩინარდა.
წინასაგამოძიებო მოქმედებებისას გაირკვა, რომ ჩახტაური რუს მესაზღვრეებს ჰყავდათ დაკავებული რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაღესტნის მხარეს, სავარაუდოდ, სასაზღვრო ზოლის დარღვევის გამო.
„ასევე გაირკვა, რომ ზურაბ ჩახტაურს სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხვრის ძოვების უფლება და სპეციალური საშვი ჰქონდა“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
რუსმა მესაზღვრეებმა ქართველი მწყემსი საქართველოს მხარეს 21 ივლისს გადმოსცა, რის შემდეგაც ზურაბ ჩახტაური სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.