თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ისლანდიელი მაშველები და სანაპირო დაცვის სამსახური 22 წლის ნიკა ბეგაძეს ეძებენ, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, გიუდლფოსის ჩანჩქერში ჩავარდა, ნათქვამია სელფოსეს პოლიციის ფეისბუქგვერდზე.
ნიკა ბეგაძე ისლანდიაში 2016 წლის დეკემბრიდან იმყოფება, სადაც თავშესაფარიც მიიღო. ახალგაზრდა ჩანჩქერში 19 ივლისს ჩავარდა, შესაბამისმა სამსახურებმა მისი ძებნა იმავე დღეს დაიწყეს.
პოლიციაში განმარტავენ, რომ დღეისათვის საძიებო სამუშაოები ისე აქტიურად აღარ მიმდინარეობს, ვინაიდან ასეთი გადავარდნის შემდეგ ცოცხლად დარჩენის შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს.
„უცნობია, რა მოხდა, მაგრამ საქმეს უბედური შემთხვევის მუხლით ვიძიებთ“, — ნათქვამია სელფოსეს პოლიციის ფეისბუქგვერდზე.
პოლიციამ ბეგაძის ავტომობილი ჩანჩქერთან ახლოს იპოვა. მისი იდენტიფიცირება ვიდეოთვალთვალის კამერების ჩანაწერით გახდა შესაძლებელი.
ისლანდიელმა სამართალდამცველები თვითმხილველებს დახმარებას სთხოვენ მომხდარის სრული სურათის აღდგენაში.