თბილისის მერიამ ძველი ავტობუსები ახლებით შეცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliახალი ავტობუსები
ახალი ავტობუსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერია მუნიციპალური ავტობუსების პარკს ეტაპობრივად აახლებს.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. დიდი დიღმიდან ცენტრის მიმართულებით ევროპული სტანდარტის ახალმა ავტობუსებმა დაიწყეს მოძრაობა, ნათქვამია თბილისის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

N14 და N21 მარშრუტებზე ძველი ავტობუსები ახალი, თანამედროვე ავტობუსებით შეცვალეს. N14 მარშრუტი დიდ დიღომს საბურთალოს გავლით რუსთაველისა და ბარათაშვილის გამზირებთან აკავშირებს.

N21 მარშრუტის ავტობუსი დიდი დიღმიდან დიღმის მასივს, შემდეგ დიდუბეში წერეთლის გამზირს გაივლის და ვარაზისხევიდან ჭავჭავაძის გამზირის გავლით ბაგებამდე მოძრაობს.

ახალი ავტობუსები უკვე 9 მარშრუტს ემსახურებიან: N9, 14, 21, 24, 37, 51,61,87 და 88. მომავალ კვირას მათ რიცხვს N140 შეემატება. ასევე, უახლოეს პერიოდში MAN-ის ავტობუსების N39 და N150 მარშრუტებზე გაშვება იგეგმება.

აღნიშნული ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და CNG-ს საწვავზე (ბუნებრივი აირი) მუშაობს, რასაც, დიზელის საწვავთან შედარებით, უფრო ნაკლებად აქვს მავნე გამონაბოლქვი.

მგზავრობის საფასური ახალ ავტობუსებზე უცვლელი დარჩება — 50 თეთრი.

თბილისის მერიამ საქალაქო ავტობუსების ავტოპარკის განახლების პროექტი 2016 წლის სექტემბერში დაიწყო. პოლონეთიდან 143 ახალი ავტობუსი შემოიყვანეს, რომლებიც დედაქალაქის ქუჩებში უკვე მოძრაობენ. პროექტის სრული ღირებულება 34 მილიონი ევროა.

სამომავლოდ თბილისის მერია შედარებით მცირე ზომის, 8-10-მეტრიანი ახალი ავტობუსების შემოყვანას გეგმავს. 2018 წლის ივლისიდან კი დედაქალაქის მთავრობა მგზავრებს თანამედროვე სამარშრუტო სქემასა და მოსახლეობისთვის უფრო მოსახერხებელ ელექტრონული გადახდის სისტემას შესთავაზებს.

ყველა ახალი ამბავი
0