თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. თურქეთის სანაპიროსთან, ეგეოსის ზღვაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „Новости-Грузия" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა წუხელ მოხდა. ყველაზე მეტად იგი ცნობილი თურქული კურორტის ბოდრუმის მიდამოებში და ბერძნულ კუნძულ კოსზე იგრძნობოდა, რომელიც ასევე პოპულარულია ტურისტებს შორის.
კოსზე 100-მდე ადამიანი დაშავდა, ხოლო ორი — თურქი და შვედი ტურისტი დაიღუპა. უბედური შემთხვევა კუნძულის მთავარ ნავსადგურში, ძველი ქალაქის ტერიტორიაზე კედლის ჩამონგრევას მოჰყვა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ბოდრუმში სამედიცინო დაწესებულებებს 70-მდე კაცმა მიმართა, თუმცა, ქალაქის ხელისუფალთა თქმით, მიწისძვრას სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 01:31 საათზე დაფიქსირდა (02:31 თბ. დრ). დაფიქსირდა რამდენიმე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგი, რასაც მცირე ცუნამიც მოყვა.