თბილისი, 21 ივლისის — Sputnik. ამერიკული ჯგუფის Linkin Park-ის სოლისტმა ჩესტერ ბენინგტონმა თავი მოიკლა. 41 წლის მუსიკოსი თავსი სახლში კალიფორნიაში, პალოს-ვერდეს-ესტეიტესში გარდაცვლილი იპოვეს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. სასამართლო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მომღერალმა თავი მოიკლა.
ბენინგტონი ცნობილი გახდა ჯგუფ Xero-ში გამოსვლით, რომელიც 1996 წელს გამოჩნდა. 2000 წელს მიიღო დასახელება Linkin Park. როკ–ჯგუფმა ოთხჯერ მიიღო აშშ-ის American Music Awards-ის ჯილდო, როგორც საუკეთესო ალტერნატიულმა ჯგუფმა. მუსიკოსები ასევე არაერთხელ იყვნენ Billboard-ის ჩარტების ლიდერები და Grammy-ს ლაურეატები. არსებობის წლებში ჯგუფის დისკების 50 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. ბენინგტონს სოლო–პროექტიც ჰქონდა დასახელებით Dead By Sunrise.
გვერდი TMZ იტყობინება, რომ ბენინგტონმა თავი მოიკლა მისი მეგობრის, ჯგუფ Soundgarden-ის ლიდერის კრის კორნელის დაბადების დღეზე, რომელიც დეტროიტის ერთ-ერთ სასტუმროში 18 მაისს გარდაიცვალა.
TMZ-ის ცნობით, ბენინგტონი რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა ნარკოტიკულ და ალკოჰოლურ დამოკიდებულებას. მანამდე მან განაცხადა, რომ თავის მოკვლა უნდოდა, რადგან ბავშვობაში მამაკაცის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.
ჩესტერ ბენინგტონი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ცოლისგან ჰყავს ვაჟი დრეივენ სებასტიანი. მისი მეორე ქორწინება Playboy-ს მოდელთან ტალინდა ბენტლისთან 2005 წლის 31 დეკემბერს შედგა. მათ შეეძინათ ვაჟი ტეილერ ლი. გარდა ამისა იშვილეს კიდევ ორი ბავშვი — ჯეიმი და ისაია. 2011 წლის 11 ნოემბერს ტალინდას კიდევ ტყუპი ქალიშვილი შეეძინა, რომელთაც ლილი და ლილა დაარქვეს.