თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა რობერტ ახალაიას, რომელიც 19 წლის ბიძაშვილის განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული, აღნიშნულია სასამართლოს ვებ-გვერდზე.
საქმე ეხება თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას. გამოძიებამ დაადგინა, რომ 22 წლის ბრალდებულმა 16 ივლისს ყელის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მსხვერპლს და მიიმალა. ის მოგვიანებით ფოთში დააკავეს.
ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.
სასამართლომ მხარეთა განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი მასალების, შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესწავლისა და შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები, არსებობს ბრალდებულის მიმალვისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხეები. გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში 48 საათის განმავლობაში შეიძლება.
საქმეზე წინასწარი მოსმენა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 სექტემბერს გაიმართება.
მასმედიის ინფორმაციით, 19 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს მისი დეიდის სახლში, რომელიც იმ მომენტში ფოთში იმყოფებოდა. ქალმა განგაში მას შემდეგ ატეხა, რაც დისშვილს მთელი დღის განმავლობაში ტელეფონით ვერ დაუკავშირდა. მან მიმართა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს. სააგენტოს თანამშრომლებმა მითითებულ ბინაში გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს.