თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები გააჩნიათ, უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
შესაბამის ხელშეკრულებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და მისმა არაბმა კოლეგამ, შეიხმა აბდალა ბენ ზაიდ ალ ნაჰაიიანმა მოაწერეს ხელი თბილისში.
გარდა ამისა, საგარეო უწყებების პირველი პირებმა ასევე მოაწერეს ხელი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას საინვესტიციო საქმიანობისა და ურთიერთდაცვის სფეროებში.
საქართველოს მთავრობამ 2014 წელს შეადგინა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში ჩამოსვლა მოკლევადიანი ვიზიტებით (90 დღე 180-დან) ვიზების გარეშე შეუძლიათ. ამ სიაში ასევე შევიდა არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ორდღიანი ოფიციალური ვიზიტისას არაბი დიპლომატი ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელების შესაძლებლობებიც განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
აღსანიშნავია, რომ საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად რეგიონებსაც — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს.