თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ჯგუფი Gipsy Kings, რომელიც ფლამენკოს, სალსასა და პოპ-მუსიკას ასრულებს, საქართველოში 2017 წლის 18 აგვისტოს გამოვა.
ჯგუფი იმღერებს შეკვეთილში, საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს სცენაზე, სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო დონეზე საქათველოს პოპულარიზაციას ემსახურება.
ჯგუფ Gipsy Kings-ის სახელწოდება დამფუძნებელთა ეროვნებასა და გვარს ეხმიანება, რომლებიც წარმოშობით რეიესის დინასტიის ბოშები არიან.
1970-იანი წლების ბოლოს საფრანგეთის სამხრეთით ქალაქ არლიში ფლამენკოს ცნობილმა შემსრულებელმა ხოსე რეიესმა, მისმა ორმა ვაჟმა ნიკოლა და ანდრე რეიესებმა და ცოლისძმამ ჩიკო ბუჩიკხიმ მუსიკალური ჯგუფი შექმნეს. მაშინ, 1979 წელს ჯგუფის სახელი იყო Los Reyes (ესპანურად "მეფეები") და ის ადგილობრივ სცენებზე უკრავდა. თაყვანისმცემლებს მოსწონდათ ესპანური გიტარის რომანტიკული და ცეცხლოვანი სტილი. ხოსე რეიესის გარდაცვალების შემდეგ ჯგუფს შეემატნენ ვირტუოზი გიტარისტი ტონი ბალიარდო და მისი ძმები მორის და პაკო ბალიარდოები. შემდეგ ჯგუფს შეუერთდნენ გიტარისტები პაბლო, პაჩაი და კანუ რეიესები.
მათ გამოსვლებს საქალაქო ზეიმებზე, ქორწილებსა და ბარებში ყოველთვის დიდი წარმატება ახლდა. მალე ჯგუფმა მიიღო ახალი სახელწოდება — Gipsy Kings. ძმები ბოშური ფლამენკოს ერთგული დარჩნენ, ჯგუფში გამოირჩეოდა ორი ვარსკვლავი — ტონი ბალიარდოს გიტარა და ნიკოლა რეიესის ხმა.
ჯგუფის პირველმა ალბომმა სახელწოდებით Gipsy Kings ჯგუფს თავბრუდამხვევი წარმატება მოუტანა და ევროპის ქვეყნების ჰიტ-აღლუმებში შევიდა. 80-იანების ბოლოს ჯგუფმა ამერიკის კონტინენტის აღიარებაც მოიპოვა და მსოფლიო წარმატება განიმტკიცა.
ჯგუფი ასრულებს სიმღერებს ესპანურ ენაზე და იყენებს კატალონიურ და პროვანსალურ დიალექტებს. მუსიკოსებს გამოარჩევს ვნებიანი კომპოზიციები და გიტარაზე ოსტატური დაკვრა. ამჟამად ჯგუფი მსოფლიო გასტროლებზე იმყოფება.
ორგანიზატორთა თქმით, ჯგუფი საქართველოში ორიგინალური შემადგენლობით ჩამოვა. მუსიკოსები შეასრულებენ ყველასთვის ნაცნობ ჰიტებს: Djobi Djoba, Bamboleo, Inspiration, Magia Del Ritmo, Allegria, Caminando Por La Calle, Salsa de Noche, Mosaique, Volare, Pharaon და სხვა.
შეგახსენებთ, Check in Georgia საქართველოს მოსახლეობასა და სტუმრებს შეკვეთილში დიდ და მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს:
23 ივლისი — ქეთი მელუა და გორის კამერული ქალთა გუნდი
1 აგვისტო — ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "ერისიონის" კონცერტი
5 აგვისტო — ჯგუფი "ქართული ხმები" პროგრამით "30 წელი სცენაზე"
9 აგვისტო — ირმა ნიორაძე და ბალეტის მსოფლიო ვარსკვლავები
10 აგვისტო — Eric Benet და CeeLo Green
15 აგვისტო — საღამო "ირაკლი ჩარკვიანი. ისტორია"
18 აგვისტო — Gipsy Kings
21 აგვისტო — ნინო ქათამაძე და Insight
2 სექტემბერი — ფოლკლორული ფესტივალი
გარდა ამისა, Check in Georgia-ს ფარგლებში 14 ივლისს გაიხსნა ელექტრონული მუსიკის ქართული ფესტივალი GEM Fest, რომელიც 33 დღეს გასტანს და 500-ზე მეტ მუსიკოსსა და შემსრულებელს შეკრებს.