ანკარაში გადატრიალების მცდელობის მსხვერპლთა მონუმენტი გახსნეს

გამოწერა
სამხედრო გადატრიალების მცდელობის წლისთავზე ასი ათასობით თურქეთის მოქალაქე მონაწილეობს მიტინგებსა და მსვლელობებში - 15 ივლისს დემოკრატიისა და ეროვნულ ერთიანობის დღისამდი მიძღვნილი ღონისძიებები თურქეთის ათობით ქალაქში იმართება.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ანკარაში გასული წლის 15-16 ივლისის გადატრიალების მცდელობის მსხვერპლთა მონუმენტი გაიხსნა, იუწყება Sputnik Turkey.

მთელ თურქეთში 15-16 ივლისის ამბოხის წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა. მხოლოდ ანკარასა და სტამბულში მსვლელობებსა და მიტინგებში მონაწილეობა ასი ათასობით ადამიანმა მიიღო.

ამბოხის დროს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ანკარაში პრეზიდენტის სასახლესთან იმ ადგილას დაიდგა, სადაც მეამბოხეთა მხრიდან განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა. მემორიალი წარმოადგენს ოთხ დახრილ სვეტზე ამბოხის დროს დაღუპულთა სკულპტურულ გამოსახულებებს, რომლებსაც საკუთარ მხრებზე ვარსკვლავი და ნახევარმთვარე მიაქვთ — თურქეთის სიმბოლოები, რომლებიც თურქეთის დროშაზეა გამოსახული.

„ეს მონუმენტი მომავალ თაობებს ჩვენი გმირების შესახებ მუდამ შეახსენებს. მათ ხელში რწმენის გარდა არაფერი ჰქონდათ, მაგრამ მათ შეაჩერეს თვითმფრინავები და ტანკები. ჩვენ დავკრძალეთ ჩვენი წამებულები, მაგრამ ისინი ჩვენს გულებში მუდამ ცოცხლები დარჩებიან. გადატრიალების ორგანიზატორები კი დალპებიან ციხის კედლებში“, — განაცხადა ძეგლის გახსნის ცერემოანიაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.

თურქეთში სამხედრო გადატრიალება 16 ივლისის ღამით მეამბოხეთა ჯგუფმა სცადა. ძირითადი დაპირისპირება ანკარასა და სტამბულში ხდებოდა. ბოლო მონაცემებით, მეამბოხეების გარდა, დაიღუპა 246 თურქი მოქალაქე, 2000 ადამიანი დაიჭრა. ხელისუფლებამ გადატრიალება ჩაახშო. თურქეთის ხელისუფლებამ მის ორგანიზებაში ბრალი თურქ სასულიერო მოღვაწეს ფეთჰულა გიულენს დასდო და აშშ-სგან მისი ექსტრადიცია მოითხოვა. თავად გიულენმა დაგმო ამბოხება და თავისი უდანაშაულობის შესახებ განაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0