მოგზაურობა თითქმის ყველა ადამიანისთვის სასიამოვნო და საინტერსო პროცესია. ულამაზესი ადგილები — ზოგი ნაცნობი, ზოგიც უცნობი, უამრავი თავგადასავალი და შთაბეჭდილებები ადამიანის ცხოვრებას საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის.
ჟურნალისტი ქეთი კეკელია მსოფლიოს გარშემო ძალიან ბევრს მოგზაურობს. პირველად უცხო ქვეყანაში 15 წლის წინ მოხვდა. მას შემდეგ უამრავი ქვეყანა მოინახულა. ამ ხნის განმავლობაში დიდი გამოცდილება და საოცარი მოგონებები დაუგროვდა. იგი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის შესახებ თავად მოგითხრობთ.
— მოგზაურობა არის ძალიან აზარტული. როცა ერთხელ გადადგამ ნაბიჯს, წახვალ სამოგზაუროდ, მერე ვეღარ ჩერდები. ხვდები, რომ ეს არის დაუსრულებელი სიამოვნება. ჩამოსული არ ხარ ერთი ტურიდან, რომ მაშინვე გეგმავ, შემდეგ რომელ ქვეყანაში წახვიდე. მოგზაურობა დიდ ენერგიას, სტიმულს, გამოცდილებას გაძლევს. როცა ტელევიზიაში, ან უცხოურ ფილმებში ნანახ ქალაქებს, ღირსშესანიშნაობებს, მუზეუმებს საკუთარი თვალით ნახავ, ეს ძალიან შთამბეჭდავია. ვთვლი, რომ მოგზაურობა ცხოვრებას გიხანგრძლივებს.
- უამრავ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. პირადად თქვენ რა მოგცათ მოგზაურობამ?
— მე მომცა ის, რომ საბოლოო ჯამში მივედი იქამდე, დამეარსებინა საკუთარი ტურისტული კომპანი. ისე, მოხდა, რომ ბოლო 5-6 წლის მანძილზე ძალიან ბევრ ქვეყანაში მომიწია მოგზაურობა. ბოლო პერიოდში მე თვითონ ვგეგმავდი ტურებს. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ამან დიდი გამოცდილება მომცა მოგზაურობის სფეროში. ერთ დღეს მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა ტურისტული კომპანია Red travel-ი. ამ საქმის მართვა მარტივია, როცა შენ თვითონაც იცი ქალაქები, რომელია ცენტრი, რომელი გარეუბანი, სად რა ღირსშესანიშნაობაა და ა.შ. ეს ჩვენი გატაცება, აზარტი საბოლოო ჯამში გადაიზარდა ბიზნესში.
- როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა ისარგებლოს ადამიანმა ტურისტული კომპანიის მომსახურებით?
— ის ადამიანები, ვინც ეხლა პირველ ნაბიჯებს დგამს ხშირად მისვამენ ამ კითხვას. სხვაობა არის ის, რომ ტურისტული გიადვილებს მოგზაურობის პროცესს, გიგვარებს ყველანაირ პროცედურებს. ნებისმიერი მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი საიტები, სადაც ხდება სასტუმროს დაჯავშნა, მაგრამ როცა ტურისტულში მოდიხარ ჩვენ კიდე სხვა სისტემები გვაქვს, სადაც ფასები უფრო დაბალია, ვიდრე ამ ცნობილ საიტებზე. თუ ტურისტულმაც, მაგალითად booking.com-ზე დაჯავშნა, პლიუს მომსახურების თანხა დაგიმატა და უფრო ძვირი დაგიჯდა, მაშინ რა აზრი აქვს ტურისტული კომპანიის მომსახურებას? ტურისტული კომპანიის მომსახურება მაშინ არის სასურველი, თუ მოგზაურობა იაფია და კომფორტული. ამავე დროს აღარ გიწვეს დროის ხარჯვა სხვადასხვა დეტალების მოსაგვარებლად.
- თქვენი პირველი მოგზაურობა გაიხსენეთ.
— პირველი მოგზაურობა დღესაც განსაკუთრებული ემოციით მახსენდება, რადგან ეს იყო საქორწინო მოგზაურობა ვენეციაში. ვენეცია ისეთი ქალაქია, რა დროსაც არ უნდა წახვიდე, რა პერიოდში, რა განწყობით, ყოველთვის ხვდები რამდენად გამორჩეული ქალაქია. ეს იყო 15 წლის წინ, იმის მერე ძალიან ბევრი ქვეყანად და ქალაქი ვნახე, მაგრამ ვენეცია ჩემთვის განსაკუთრებულია. ზოგადად იტალია თავისი ხალხით, განწყობით, ტემპერამენტით მაინც გამორჩეული ქვეყანაა.
პარიზში წავედი სამოგზაუროდ, იქიდან ბრიუსელში გავემგზავრე. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ძალიან პატარა ქალაქი ბრიუგე. მივხვდი, რომ ჩემზე დიდი მეგაპოლისები ისეთ შთაბეჭდილებას ვერ ახდენენ, როგორიც ამ პატარა ქალაქმა მოახდინა. როცა ქალაქში ჩადიხარ გხვდება ულამაზესი, პატარა ტბა. შეგიძლია ჩამოჯდე, გედებს აჭამო საჭმელი, ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. ბრიუგე პატარა, ნისლიანი ქალაქია, რომელიც ქვებით იყო მოკირწლული. აქ არ დადიან ავტომობილები, დადიან ცხენები. შეგიძლია ეტლით ისეირნო. ულამაზესი, პატარა სახლები აქვთ, ისინი ერთმანეთისგან არხებით არის გამოყოფილი. უნდა დაიქირავო ნავი და ამ არხებში ისეირნო. იქიდან, რომ ჩამოვედი ყველა მეკითხებოდა პარიზი როგორ მოგეწონაო, მაგრამ არ მქონდა იმის განცდა, რომ პარიზშიც ვიყავი. როგორ შეიძლება პარიზი არ მოგეწონოს, მარამ ამ პატარა ქალაქმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე.
- წინასწარ იცით რა უნდა დაათვალიეროთ ამა თუ იმ ქალაქში, თუ როცა ჩადიხართ შემდეგ გეგმავთ ტურს?
— უცხო ქვეყანაში ყოველთვის მომზადებული მივდივარ. დაახლოებით 3-4 თვით ადრე ვგეგმავ სად რა უნდა ვნახო. როცა 5-6 დღით მიდიხარ სამოგზაუროდ, იმდენი დრო არასდროს არ არის, რომ როცა ჩახვალ იქ დაიწყო ამაზე ფიქრი და ზრუნვა. წინასწარ ვიცი დილით რომელ მუზუმში მივდივარ, საღამოს სად მივდივარ. ერთი სიტყვით ყველაფერი წინასწარ მაქვს გაწერილი, ამიტომ ფუჭად დრო არასოდეს მეკარგება. უცხო ქალაქში ყოფნის დროს, მაქსიმალურად ვცდილობ ყველაფერი ვნახო, რადგან არ ვიცი კიდევ მოხვდები თუ არა ამ ქალაქში.
- რომელი ქვეყნის არქიტექტურამ მოგხიბლათ ყველაზე მეტად?
— ამ მხრივ ძალიან მომეწონა ბარსელონა. რიგითმა სახლებმა იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ გაოცებული ვიყავი. ყველა სახლი ისეთი ლამაზი იყო, შემეძლო დაუსრულებლად მეღო ფოტოები. აღმოვაჩინე, რომ ბარსელონაში არის სადარბაზოების კონკურსი. ქალაქში სადარბაზოების მაცხოვრებლები ერთმანეთს ეჯიბრებიან ვის უკეთესი სადარბაზო ექნება. ამ კონკურსს მერია აცხადებს და წლის ბოლოს აჯილდოებენ საუკეთესო სადარბაზოების მფლობელებს. წარმოიდგინეთ რა კარგი იქნება ასე ტრადიცია ჩვენთანაც, რომ დაინერგოს.
- ძალიან გიყვართ ყვავილები და არაჩვეულებრივი ეზო გაქვთ. ლამაზი ბაღების, ყვავილების კულტურის მხრივ რომელ ქვეყანას გამოარჩევდით?
— ალბათ ამსტერდამს. ტიტების ძალიან დიდი და ლამაზი ბაღი აქვთ. როცა ამსტერდამში მიფრინავ, სანამ აეროპორტში დაფრინდები ზევიდან ხედავ, როგორი დიდი და შთამბეჭდავი ველები აქვთ ტიტების. უზარმაზარი ბაზარი აქვთ, სადაც ამ ტიტების ბოლქვები იყიდება. ძალიან ბევრი ბოლქვი წამოვიღე, მაგრამ სამწუხაროდ ყველამ არ იხარა, თუმცა ყვითელმა ფერმა ძალიან გაამართლა.
- დისკომფორტი თუ იგრძენით რომელიმე ქალაქში?
— ქალაქი, სადაც არასოდეს აღარ ვისურვებდი ჩასვლას ციურიხია. ძალიან მოსაწყენი ქალაქია. შვიდ საათზე გავედით ქუჩაში და კაციშვილი არ ჩანდა, ფანჯრებშიც კი არ ენთო შუქი. მაღაზიები, რესტორნები, ოფისები ძალიან ადრე იკეტება. სამაგიეროდ დილით შვიდ საათზე, რომ გავიღვიძეთ, ჯერ კიდევ სიბნელე იყო და ყველა სამსახურში იყო უკვე. ერთი სიტყვით ძალიან მოსაწყენი ქალაქია და აღარასოდეს აღარ ვისურვებდი იქ წასვლას.
- ახლო მომავალში სად გეგმავთ ტურს?
— ორი კვირის წინ ჩამოვედი სტამბულიდან. ოჯახთან ერთად ვიყავი. ჩემს შვილს ძალიან უნდოდა აზიურ ქვეყანაში წასვლა. ბავშვებთან ერთად შორს ვერ წავიდოდით, ამიტომ სტამბული ვარჩიეთ. არ ვარ ნამყოფი პორტუგალიაში, ამიტომ სამომავლოდ უფრო პორტუგალიისკენ ავიღებ გეზს.