ნოდარ დუმბაძე

ნოდარ დუმბაძე
გამოწერა
ყველა თაობის საყვარელი მწერალი ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს დაიბადა თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა — ვლადიმერ დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი იყო, დედა კი, ანა ბახტაძე – დიასახლისი.

1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დახვრიტეს, ხოლო დედა გადაასახლეს. 9 წლის ნოდარმა ორივე მშობელი დაკარგა. მან სიჭაბუკის წლები მშობლიურ გურიაში, სოფელ ხიდისთავში გაატარა, სტუდენტობის წლებში კი კვლავ თბილისს დაუბრუნდა.

ნოდარ დუმბაძემ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა 1945 წელს დაამთავრა, 1950 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი ასისტენტად მუშაობდა ლაბორატორიაში, იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1956-1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1967-1972 წლებში იყო სატირული ჟურნალი „ნიანგის“ რედაქტორი. თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან”, იყო მწერალთა კავშირის მდივანი, შემდეგ კი თავმჯდომარე.

© National Library of Georgiaნოდარ დუმბაძე
ნოდარ დუმბაძე - Sputnik საქართველო
ნოდარ დუმბაძე

1984 წლის აგვისტოში 57 წლის მწერალს მესამე ინფარქტი დაემართა. საუბარი უჭირდა, თუმცა მნახველებს მაინც გულიანად აცინებდა. ნოდარ დუმბაძე 1984 წელს გარდაიცვალა. თავდაპირველად საბავშვო ქალაქ „მზიურში“ დაკრძალეს, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.

შემოქმედება: ნოდარ დუმბაძემ პირველი ლიტერატურული წარმატება საბავშვო პოეზიაში მოიპოვა. მწერალს პოპულარობა თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა მოუტანა, მან გულიანად აცინა და კიდეც ატირა მკითხველი. ერთი ამოსუნთქვით, ცრემლიანი ღიმილით იკითხება მისი ნაწარმოებები „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „მე ვხედავ მზეს“, „მზიანი ღამე“, „მარადისობის კანონი“, „თეთრი ბაირაღები“. დუმბაძის ოთხი რომანი პიესებად გადაკეთდა და დაიდგა საქართველოსა და უცხო ქვეყნების სცენებზე, აგრეთვე შეიქმნა მისი რომანების ეკრანიზაციებიც.

საინტერესო ფაქტები ნოდარ დუმბაძეზე: 

▪ თვითმფრინავის გატაცების ცნობილი მოვლენების დროს ნოდარ დუმბაძე ერთ-ერთი იყო ქართველ ინტელექტუალთა შორის, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებას დამნაშავეთა შეწყალებას სთხოვდა.

▪ ამბობდა, იუმორი იმიტომ ავირჩიე, რომ თავისუფლება მინდოდაო.

▪  ნოდარ დუმბაძეს, თურმე, „შავად“ წერა არ უყვარდა. როგორც თავად ამბობდა, "მარადისობის კანონზე" 9 წელი იფიქრა, მერე კი ორ თვეში დაწერა. ნაწარმოებზე მუშაობისას ბევრს ეწეოდა — დღე-ღამეში თითქმის სამ კოლოფ სიგარეტს.

▪ 1954 წლის 14 აპრილს ზემელზე მდებარე რესტორან "გემოში" მკვლელობა მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მილიციამ რესტორანში მყოფი 48 კაცი დააპატიმრა. მათ შორის იყო 26 წლის ნოდარ დუმბაძეც, რომლის პიჯაკზე სისხლის ლაქები აღმოჩნდა. ამის გამო მკვლელობაში მთავარ ეჭვმიტანილად მიიჩნიეს. ნოდარმა ციხეში გაიცნო ადამიანები, რომლებიც შემდგომ "თეთრი ბაირაღების" გმირებად იქცნენ. ორთაჭალის ციხეში ექვს თვეზე მეტი დაჰყო. დაკავებიდან 134 დღის შემდეგ ძიებამ დაადგინა, რომ ნოდარ დუმბაძე უდანაშაულო იყო.

© ეროვნული ბიბლიოთკანოდარ დუმბაძე
ნოდარ დუმბაძე - Sputnik საქართველო
ნოდარ დუმბაძე

▪ მის ერთადერთ ვაჟს — 4 წლის ზაზას წითელა შეხვდა. ექიმებმა შეცდომით ტიფის დიაგნოზი დაუსვეს და სიცხიანი ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. ბავშვი სამ დღეში გარდაიცვალა.

▪ პატრიარქი რამდენჯერმე მივიდა მის სანახავად საავადმყოფოში. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრეც მოინახულა, ბოლო აღსარება ჩაიბარა, მოგვიანებით კი თქვა – ძალიან ბევრი აღსარება მომისმენია, მაგრამ ასეთი არასოდეს, რომ მქონდეს იმის უფლება, რაც ნოდარმა აღსარებაში მითხრა, ის განვაცხადო, მრევლს გავაასმაგებდიო.

 

მოამზადა: ხატია გიგოლაშვილმა

ყველა ახალი ამბავი
0