თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დაიკითხა, რომლის მკვლელობის მომზადების ბრალდებით თებერვალში დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც, სხვებთან ერთად, შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.
აპრილში მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ 2016 წელს თეთრუაშვილმა მის დაცვის ქვეშ მყოფს გველის შხამის შესაძენად 500 აშშ დოლარი გამოუყო.
„სასამართლო პროცესზე დაიკითხა დაზარალებული შორენა თეთრუაშვილი, რომლის ჩვენებითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე ყოველ ფეხის ნაბიჯზე ატყუებდა როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოს. კერძოდ, შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ მას არასდროს არ მოუთხოვია გიორგი მამალაძისთვის გველის შხამი და მით უმეტეს, არასდროს 500 აშშ დოლარი გველის შხამის შესაძენად არ მიუცია მისთვის“, — განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.
მამალაძის დაკავებიდან რამდენიმე დღეში, მიტროპოლიტმა პეტრე ჭყონდიდელმა განაცხადა, რომ საპატრიარქოს ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა მამალაძეს ოქრომჭედლისთვის ციანიდის შოვნა სთხოვა. მაშინ მეუფემ კონკრეტული გვარების დასახელებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. აპრილში საქმის მთავარმა მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ განაცხადა, რომ დაკავებულის ადვოკატი თითქოსდა ამბობდა, რომ თეთრუაშვილი ციანიდის დახმარებით თავის მოკვლას აპირებდა.
„შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ მას არასდროს გიორგი მამალაძისთვის არ მოუთხოვია არც კალიუმის ციანიდი და არც ნატრიუმის ციანიდი, არ სჭირდებოდა ეს ნივთიერება არც ოქრომჭედლისთვის და მით უმეტეს, არც თავის მოსაკლავად“, — განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
თეთრუაშვილის დაკითხვიდან მამალაძის ადვოკატებმა სხვა დასკვნები გამოიტანეს.
„თვით შორენა თეთრუაშვილმაც ვერანაირად ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მის მკვლელობას აპირებდა გიორგი მამალაძე. ჩვენ მას პირდაპირი და კონკრეტული კითხვა დავუსვით: „ჰქონდა თუ არა რაიმე ანგარების მოტივი გიორგი მამალაძეს, თქვენი მკვლელობა რომ მოემზადებინა?“ მან გვიპასუხა: „არანაირი ანგარების მოტივი მე მისთვის არ მიმიცია“. დავუსვით შემდეგი შეკითხვა: „ამზადებდა თუ არა გიორგი მამალაძე თქვენს მკვლელობას?“ მან გვიპასუხა: „არ ვიცი“. სიტყვა-სიტყვით ვამბობ: „არ ვიცი“, — განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
თავად თეთრუაშვილს დაკითხვამდე და დაკითხვის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამალაძეს 16-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.