„სარფის“ საბაჟოზე სარემონტო სამუშაოები დაიწყება

© Sputnik / Denis Aslanovსარფის საბაჟო
სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დაგეგმილი აქვს „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურის განახლება.

თბილისი, 14 иივლისი – Sputnik. „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის განახლება შემოდგომაზე დაიწყება, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

„სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი საქართველოსა და თურქეთს შორის მთავარ სატრანსპორტო კორიდორს წარმოადგენს. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან 66 ათასმა სატვირთო ავტომობილმა გადმოკვეთა სახელმწიფო  საზღვარი, ხოლო 37 ათასი სატვირთო ავტომანქანა გასულია ჩვენი ქვეყნიდან, საბაჟო- გამშვები პუნქტი 1,7 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიარა.

„საბაჟო-გამშვები პუნქტის განახლების პროცესი შემოდგომიდან დაიწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტი იყოს მოწესრიგებული.  საბაჟო პუნქტის ინფრასტრუქტურა დღეს გამართულია, მაგრამ აუცილებელია მისი განახლება. აღნიშნული პროცესი 2018 წლის გაზაფხულამდე მთლიანად დასრულდება“, — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ქართულ და თურქულ მხარეებს შორის გაიმართება მოლაპარაკებები, რათა საბაჟო პუნქტის განახლების პროცესმა არ შეაფერხოს მოქალაქეების და ტვირთების გადაადგილება.

ამასთან ერთად, უწყების ინფორმაციით, „სარფის“ საბაჟოზე 5 ივლისს ამოქმედდა ახალი ელექტრონული სისტემა „TIR პარკინგი“.

აღნიშნული სისტემა ნიშნავს, რომ  თურქეთის მიმართულებით მოძრავი ყველა სატვირთო ავტომობილი ვალდებული იქნება ხელვაჩაურის რაიონში არსებულ ავტოსადგომზე — „ფიგოილი“ და „ლიგა“ — გაჩერდნენ, საიდანაც მათ საბაჟოზე ელექტრონული სისტემის დახმარებით გაატარებენ.

ფინანსთა მინისტრის შეფასებით, ეს სისტემა ხელს შეუწყობს საბაჟო-გამშვები პუნქტის გამტარიანობის გაზრდას.

თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. თურქეთთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-მაისში 591 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 15%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0