თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. სლოვენიაში სეზონისწინა შეკრების დასკვნით ტესტ-მატჩში საფეხბურთო კლუბმა თბილისის „დინამომ" უკრაინის „ზარიასთან" თამაში ფრედ დაასრულა (1:1).
53-ე წუთზე უკრაინელმა მცველმა ალექსანდრ სვატოკმა გოლი გაიტანა და „ზარია" დააწინაურა. თუმცა, 8 წუთის შემდეგ „დინამოს" უკრაინელმა ლეგიონერმა მიკოლა კოვტალიუკმა წონასწორობა აღადგინა.
ამგვარად, თბილისის „დინამოელებმა" სლოვენიის შეკრებაზე ვერც ერთი ტესტ-მატჩი ვერ მოიგეს. პირველი თამაში სერბეთის „ჩუკარიჩკის" წინააღმდეგ ფრედ 0:0 დასრულდა, ხოლო ხორვატიის „რუდეშის" წინააღმდეგ მატჩი ქართველებმა წააგეს ანგარიშით 0:3.
13 ივლისს „დინამოელები" თბილისში დაბრუნდებიან და სამშობლოში გააგრძელებენ მზადებას საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის მეორე ნახევრისთვის, რომელიც 21 ივლისს დაიწყება.
ეროვნული ლიგის პირველი წრის 18 მატჩის შემდეგ თბილისის „დინამო" 43 ქულით ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობს.