გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დამთავრდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ტურის მატჩი აზერბაიჯანის "ყარაბაღსა" და საქართველოს "სამტრედიას შორის". იხილეთ "Sputnik-აზერბაიჯანის" ფოტომასალაში საუკეთესო სურათები მატჩიდან.
ბაქოში ტოფიკ ბახრამოვის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ტურის მატჩი ჩატარდა აზერბაიჯანის საფეხბურთო კლუბ "ყარაბაღსა" და საქართველოს "სამტრედიას" შორის. დასაწყისში სტუმრებმა თამაშის უხეში ტაქტიკა შეარჩიეს, რამაც მცველ ბაქარ ბალდეს მიერ წესების დარღვევის შემდეგ პენალტი გამოიწვია. აფრან ისმაილოვმა ანგარიში მეათე წუთზე გახსნა. იუწყება "Sputnik-აზერბაიჯანი".
37-ე წუთზე "ყარაბაღის" თავდამსხმელმა დინო ნდლოვუმ ზუსტი პასის შემდეგ ანგარიში გააორმაგა. პირველი ტაიმის დამატებით დროში დინო ნდლოვუმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და თამაშის პირველი ნახევარი დასრულდა ანგარიშით 3:0 "ყარაბაღის" სასარგებლოდ. 83-ე წუთზე "ყარაბაღის" ნახევარმცველმა ვილდ-დონალდ გურიემ ზუსტი დარტყმა შეასრულა და საკუთარ გუნდს კიდევ ერთი გოლი მოუტანა. მატჩის მიწურულს, დამატებულ დროში "ყარაბაღის" ფეხბურთელმა მირკოს მიჩელმა ქართული კლუბის კარზე იერიში მიიტანა და მეხუთე გოლი გაიტანა.
თამაში საკმაოდ დინამიური და უხეში ხასიათის იყო. "სამტრედიელები" აქტიურად უტევდნენ მოწინააღმდეგეს, მაგრამ "ყარაბაღის" მცველები კარგად თამაშობდნენ და იგერიებდნენ ყველა შეტევას. თამაშის განმავლობაში ქართველმა ფეხბურთელებმა 4 ყვითელი ბარათი მიიღეს. კლუბების მორიგი შეხვედრა 18 ივლისს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო-არენაზე" გაიმართება.