თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობს ეუთოს არაფორმალურ მინისტერიალში, რომელიც ავსტრიის ქალაქ მაუერბახში დაიწყო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საგარეო უწყებაზე დაყრდნობით.
შეხვედრა სახელწოდებით "ნდობის აგება დიალოგისა და თანამშრომლობის გზით" (Building Trust through Dialogue and Co-operation) ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის — ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის თავმჯდომარეობით მიმდინარეობს. დისკუსიაში მონაწილეობს ეუთოს დაახლოებით 30 მონაწილე ქვეყანა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის და გაეროს მაღალჩინოსნები.
შეხვედრის მთავარი თემებია უსაფრთხოება ევროპაში, დიალოგის გაუმჯობესება და ქვეყნებს შორის ნდობის გამტკიცება.
"ეუთო დიდი ორგანიზაციაა, ყველა მონაწილე ქვეყანას თავისი ადგილი აქვს… ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველო და უკრაინაა, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დაუახლოვდნენ ევროკავშირს, გახდნენ ამ დიდი ოჯახის განუყოფელი ნაწილი და, ამავე დროს, შეინარჩუნონ კონსტრუქციული ურთიერთობები რუსეთთან", — განუცხადა კურცმა ჟურნალისტებს.
როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, თავის გამოსვლაში ის აქცენტის გაკეთებას აპირებს პრობლემებზე, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებთან ხდება, რომლებსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.
მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.