თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. პეკინის ქუჩის სარემონტო სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და დადგენილ ვადებში დასრულდება, ირწმუნება თბილისის მერი დავით ნარმანია, რომელიც სამუშაოებს გაეცნო.
პეკინის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები 16 ივნისს დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. აღნიშნულ მომენტში პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობაა. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში მოხდება ძველი ასფალტის საფარის დემონტაჟი. როგორც ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარებზე ორშრიანი ახალ ასფალტს დააგებენ. გარდა ამისა, პეკინის ქუჩაზე განაახლებენ 600 მეტრი სიგრძის სანიაღვრე ქსელს. ამჟამად პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივია.
„სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გეგმა-გრაფიკი, რაც ჩვენ თავიდანვე შევადგინეთ ამ გეგმა-გრაფიკის მიხედვით მივდივართ და ჩამორჩენა არც ერთი დღე არ გვაქვს. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველაზე ასე ვთქვათ, მძიმე და რთული სამუშაოების ძირითადი ნაწილი არის შესრულებული, რაც გულისხმობს მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას და ეს სამუშაოები გრძელდება პარალელურ რეჟიმში“, — განაცხადა ნარმანიამ.
ამ დროისათვის მიმდინარეობს წყლის სისტემის სრული განახლება, რომელსაც ახორციელებს კომპანია Georgian Water and Power (GWP) გერმანულ კომპანიასთან RRT Ingenieurburo Weidt-თან ერთად.
მერის თქმით, ივლისში ძირითადად მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება, შემდეგ დაიწყება ტროტუარების კეთილმოწყობა და ასფალტის საფარის მომზადება.
GWP-ს გენერალური დირექტორის გიორგი ცხადაძის თქმით, კომპანიამ პეკინის ქუჩაზე სამუშაოების გეგმის 60% უკვე შეასრულა.
„წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე დაგეგმილი მასშტაბური სამუშაოები, კომპანიის მხრიდან 11 აგვისტოს საბოლოოდ დასრულდება“, — განაცხადა ცხადაძემ.
მისი თქმით, ივლისის მეორე ნახევრიდან, სამუშაოების ახალი ეტაპი, მაგისტრალური ქსელების 1,3 კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება. ამ დროისათვის 1,5 კმ სიგრძის წყალსადენის ქსელი შეიცვალა.
პეკინის ქუჩის რემონტი 60 წელი არ ჩატარებულა.