ჰაორას ბოტანიკური ბაღი და მსოფლიოში ყველაზე დიდი ვარჯის მქონე – დიადი ბანიანი

© FB/ Dheeraj Kumarჰაორას ბოტანიკური ბაღი
ჰაორას ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე ჰაორას ბოტანიკურ ბაღსა და იქ არსებულ საოცარ მცენარეებზე მოგვითხრობს.

ინდოეთში, ბენგალის შტატის დასავლეთით, ქალაქ ჰაორაში (ქალაქ კოლკატადან (2001 წლამდე კალკუტა) 8 კილომეტრში, განგის დელტის დასავლეთით, მდინარე ხუგლის აღმოსავლეთ სანაპიროზე) მდებარეობს ინდოეთის ყველაზე ძველი, ცნობილი ბენგალიელი სწავლულის აჩარია ჯაგდიშ ჩანდრა ბოსის სახელობის ბოტანიკური ბაღი, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა თავისი დიადი ბანიანით, პალმების უმდიდრესი კოლექციებითა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰერბარიუმით. 

© FB/ Sunny D Cruzჰაორას ბოტანიკური ბაღი
ჰაორას ბოტანიკური ბაღი და მსოფლიოში ყველაზე დიდი ვარჯის მქონე – დიადი ბანიანი - Sputnik საქართველო
ჰაორას ბოტანიკური ბაღი

კალკუტის ბოტანიკური ბაღი დაარსდა 1786 წელს ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიის არმიის პოლკოვნიკ რობერტ კიდის მიერ. ბაღის დაარსების თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა მცენარეთა ძვირფასი სახეობების დაცვა და ადგილობრივი სანელებლების კომერციული მიზნით გამრავლება. 1860 წელს ბაღს გადაერქვა ოფიციალური სახელი „კალკუტის ბოტანიკური ბაღი“ და დაერქვა „კალკუტის სამეფო ბოტანიკური ბაღი“. მოგვიანებით ბაღს ოფიციალურად დაერქვა „ინდოეთის ჰაორას ბოტანიკური ბაღი“. თუმცა, ინდოეთსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში მოიხსენიებენ „კალკუტის (2001 წლიდან კოლკატას) ბოტანიკური ბაღის“ სახელით.

1793 წლის შემდეგ ბოტანიკური ბაღის ტერიტორია 109 ჰექტრამდე გაიზარდა, შეიქმნა მცენარეთა მრავალფეროვანი კოლექციები მთელი მსოფლიოდან და მდიდარი ჰერბარიუმი. დღეს ბაღში კოლექციების დაცვისა და გამრავლების პარალელურად სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

© FB/ নীল ধ্রুবতারাჰაორას ბოტანიკური ბაღი
ჰაორას ბოტანიკური ბაღი და მსოფლიოში ყველაზე დიდი ვარჯის მქონე – დიადი ბანიანი - Sputnik საქართველო
ჰაორას ბოტანიკური ბაღი

ჰაორას ბოტანიკურ ბაღში დაცულია 12 ათასამდე ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ინტროდუცირებული სახეობის მცენარე, მათ შორის პალმების მდიდარი კოლექცია, რომელიც ყველაზე დიდია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ბოტანიკურ ბაღებში დაცულ კოლექციებს შორის. 

ბაღის დაარსებიდან დღემდე მცენარეთა ცოცხალ კოლექციებთან ერთად იზრდებოდა საჰერბარიუმო ნიმუშების რაოდენობაც. დღეს უკვე საჰერბარიუმო ეგზემპლარების რაოდენობამ 2,5 მილიონს გადააჭარბა, რის გამოც ჰაორას ბოტანიკური ბაღის ჰერბარიუმს ინდოეთის ცენტრალური ეროვნული ჰერბარიუმის სტატუსი მიენიჭა. ბაღში ფუნქციონირებს აგრეთვე იშვიათი და შეუფასებელი წიგნების მდიდარი კოლექციით ცნობილი ბიბლიოთეკა. 

აღსანიშნავია, რომ ინდოეთში ჩაის მოყვანა პირველად სწორედ ჰაორას ბაღში დაიწყეს. აქ შეგიძლიათ ნახოთ ადგილზე გამოყვანილი ინდური ჩაის ჯიშები „ასამი“ და „დარჯილინგი“. 

ბაღის მდიდარ კოლექციებს შორისაა ეკონომიკური მნიშვნელობის (109 სახეობა) და სამკურნალო მცენარეები (450), ბამბუკები (26), ორქიდეები, ჟასმინები (25), დუმფარები (4 სახეობის 30 ქვესახეობა), პანდანუსები, ბუგენვილიები (148), ციტრუსები, სუკულენტები (100), პალმები (116) და სხვ.

© FB/ Subhendu Dasჰაორას ბოტანიკური ბაღი
ჰაორას ბოტანიკური ბაღი და მსოფლიოში ყველაზე დიდი ვარჯის მქონე – დიადი ბანიანი - Sputnik საქართველო
ჰაორას ბოტანიკური ბაღი

ნახევრადველური იერსახის ბაღში, რომელიც უფრო მეტად ტყეს ჰგავს, შეგიძლიათ დატკბეთ ნეპალის, ბრაზილიის, პენანგის, იავასა და სუმატრის იშვიათი სახეობებით, მანგოს, ტამარინდის, წითელი ხეების და კუბური პალმების ხეივნებით, კაქტუსების, ორქიდეების, დუმფარების და წყლის შროშანების (Victoria amazonica) ულამაზესი კოლექციებით. 

ბაღში დაცული პალმების კოლექციიდან (53 გვარისა და 8 ქვეოჯახის (Arecaceae, Palmae) 116 სახეობა) დიდი ნაწილი ეკონომიკური მნიშვნელობისაა, რომელთა გამოყენებას დიდი პოტენციალი აქვს სოფლის მეურნეობაში, წარმოებასა და დეკორატიულ მებაღეობაში. 

ჰაორას ბოტანიკური ბაღი არის მცენარეთა კონსერვაციის საერთაშორისო საბჭოს (BGCI) წევრი და ჩართულია მცენარეთა დაცვისა და კონსერვაციის პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებში (BGCI — Botanic Gardens Conservation International, მცენარეთა დაცვის ყველაზე მსხვილი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტ ბოტანიკურ ბაღს).

© FB/ Abhishek Ghoshdastidarჰაორას ბოტანიკური ბაღი
ჰაორას ბოტანიკური ბაღი და მსოფლიოში ყველაზე დიდი ვარჯის მქონე – დიადი ბანიანი - Sputnik საქართველო
ჰაორას ბოტანიკური ბაღი

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი და ენდემური სახეობების დაცვას, შენარჩუნებასა და გამრავლებას. მიმდინარეობს კვლევები ეკონომიკური მნიშვნელობის მცენარეებისა და პალმების სახეობების ფენოლოგიური ფაზების (ყვავილობის დასაწყისი, ხანგრძლივობა, თავისებურებები, დამტვერვის შესაძლებლობები და ნაყოფების გავრცელების გზები) შესწავლის მიზნით. კვლევების შედეგების მიზანია დაინტერესებულმა ადამიანებმა შეძლონ სხვადასხვა სახეობებისა და დეკორატიული პალმების პროდუქტულობის გაზრდა მცენარეთა ფენოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით.

© FB/ Subhendu Dasჰაორას ბოტანიკური ბაღი
ჰაორას ბოტანიკური ბაღი და მსოფლიოში ყველაზე დიდი ვარჯის მქონე – დიადი ბანიანი - Sputnik საქართველო
ჰაორას ბოტანიკური ბაღი

და, ბოლოს, ჰაორას ბოტანიკურ ბაღში დაცულია 250 წლის, მსოფლიოში ყველაზე დიდი ვარჯის მქონე (450 მ გარშემოწერილობის) ბენგალიური ფიკუსი — დიადი ბანიანი (Fícus benghalénsis), რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, ბაღის ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

თუთისებრთა ოჯახის გიგანტური ხე – ბენგალიური ფიკუსი ბუნებრივად იზრდება ბანგლადეშში, ინდოეთსა და შრი-ლანკაზე. ამ მცენარისთვის დამახასიათებელია სიცოცხლის განსაკუთრებული ფორმა — ბანიანი. მისი ფორმირება იწყება ზრდასრული ხის მთავარი ღეროს გვერდითა ტოტებზე გამოზრდილი საჰაერო ფესვების მსხვილ ჰორიზონტალურ ტოტებზე. ჩვეულებრივ, ვერტიკალურად დაშვებული საჰაერო ფესვები იზრდება ძალიან ნელა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათი ნაწილი ხმება. მიწაზე დამაგრების შემდეგ ცოცხალი ფესვების მიწისზედა ნაწილი სწრაფად მსხვილდება, ემსგავსება ღეროებს და ფუნქციონირებას იწყებს, როგორც ნამდვილი ღერო. 

ჰაორას დიადი ბანიანის შესახებ მხოლოდ XIX საუკუნით დათარიღებული ჩანაწერებია შემორჩენილი. 1884—1886 წლებში ძლიერი ქარიშხლების დროს მთავარი ღეროს დაზიანებამ ხის ორად გაყოფა გამოიწვია. მეხის დაცემის შემდეგ მთავარი ღერო ისე გაიხლიჩა, რომ აუცილებელი გახდა მისი მოჭრა. ამის შემდეგ ჰაორას ბანიანი ითვლება კრონალურ კოლონიად და არა ერთ ხედ, როგორც ითვლებოდა ადრე. 

© FB/ Milon Goswamiჰაორას ბოტანიკური ბაღი
ჰაორას ბოტანიკური ბაღი და მსოფლიოში ყველაზე დიდი ვარჯის მქონე – დიადი ბანიანი - Sputnik საქართველო
ჰაორას ბოტანიკური ბაღი

დიდი ოდენობით საჰაერო ფესვების წყალობით ჰაორას დიადი ბანიანი უფრო მეტად ტყის მასივს ჰგავს, ვიდრე ერთ ხეს. ბანიანის გარშემო მოწყობილია 330 მ სიგრძის ბილიკი. 25 მ სიმაღლის ხე ახლაც განაგრძობს სიგანეში ზრდას. მისი გარშემოწერილობა 350 მეტრს აღემატება და სცდება ბილიკის კიდეებს. ხის მიერ დაკავებული ფართობი 1 ჰექტარს აღემატება. ამჟამად დიად ბანიანს მიწაზე დაშვებული 3280 საჰაერო ფესვი აქვს განვითარებული.

ჰაორას ბოტანიკური ბაღში შეგიძლიათ ისუნთქოთ ჟანგბადით მდიდარი ჰაერი, გაისეირნოთ ტბაში ნავებით, იხეტიალოთ მწვანე ბუნებაში, დატკბეთ ყვავილების სიმშვენიერითა და ეგზოტიკური მცენარეების უნიკალურობით. ბაღის ეფემერული ატმოსფერო იდეალურია გართობის, ვარჯიშის, დასვენებისა და რელაქსაციისთვის.  

ყველა ახალი ამბავი
0