თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. სამი მოვაჭრე, ვისი ქონებაც ფოთის ბაზარში ხანძრის შედეგად დაიწვა, ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში შემოიყვანეს, განუცხადა „Sputnik–საქართველოს" საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თეა მიგინეიშვილმა.
ხანძრის შედეგად დაიწვა დაახლოებით 500 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.
ერთ-ერთმა მოვაჭრე ქალმა, რომლის ქონება, მასმედიის ცნობით, დაზღვეული არ იყო, ვენები გადაიჭრა.
„საავადმყოფოში მოიყვანეს ორი ქალი ჰიპერტონული კრიზით და ერთი ჭრილობით მკლავზე. პაციენტები დიაგნოსტიკურ განყოფილებაში იმყოფებიან. მიმდინარეობს შესაბამისი გამოკვლევა და მკურნალობა. ამ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია", — განაცხადა მიგინეიშვილმა.
ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად ბაზრის ტერიტორიაზე დაიწვა 150-დან დაახლოებით 70 მაღაზია. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში შეძლეს.