თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ადა მარშანია და გიორგი ლომია მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც თავის რუს კოლეგებთან შეხვედრებს გამართავენ, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი".
„პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური მდივნის ვაჟა ოთარაშვილის თქმით, ქართველი პოლიტიკოსები რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებს შეხვდებიან.
„საქმიანი ვიზიტი გვაქვს, უაღრესად სერიოზული… მეტს ვერაფერს გეტყვით… ყველაფერს ხვალ გაიგებთ", — განაცხადა ადა მარშანიამ.
ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოხვდა. პარლამენტში პარტიას ექვსი დეპუტატი წარმოადგენს, რომლებმაც ლომიას ხელმძღვანელობით ჩამოაყალიბეს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები". პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერია.
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიების და ასევე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში არის შენარჩუნებული.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. ამჟამად ეს საქართველოს წარმომადგენლებსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.