თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. გერმანიამ დღეს, კვირას თურქეთში მდებარე ავიაბაზა „ინჯირლიკიდან“ საკუთარი სამხედრო კონტინგენტის გაყვანა დაიწყო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ონლაინ გამოცემა „შპიგელზე“ დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, თურქეთიდან იორდანიაში უპირველესად საჰაერო ბენზინმზიდებს გაიყვანენ, შემდეგ კი „ტორნადოს“ ტიპის მზვერავ თვითმფრინავებს.
აქამდე „ინჯირლიკის“ ბაზაზე ბუნდესვერის დაახლოებით 260 ჯარისკაცი იმყოფებოდა, რომლებიც „ტორნადოს“ ფრენებსა და საჰაერო ბენზინმზიდებს ემსახურებოდნენ საერთაშორისო კოალიციის საერთაშორისო მისიის ფარგლებში, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას ითვალისწინებს.
როგორც Spiegel-ი წერს, „ტორნადოს“ ტიპის თვითმფრინავებს თურქეთიდან ივლისის ბოლომდე გაიყვანენ. მათ ჯერ თვენახევრით გერმანიაში გადააგზავნიან, შემდეგ კი იორდანიაში გადაიყვანენ.