მაშველებმა უამინდობის გამო შატილში ჩარჩენილი მოსწავლეები ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

გამოწერა
ამ წუთებში მიმდინარეობს შატილის მიმდებარე ტერიტორიიდან ტურისტების გამოყვანის ოპერაცია.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ და უამინდობის გამო ხევსურეთში ჩარჩნენ, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოიყვანეს თბილისში, იუწყება შსს-ის პრესსამსახური.

ხევსურეთში ექსკურსიაზე სულ 15 ბავშვი იმყოფებოდა ორ მასწავლებელთან და კიდევ ორ მშობელთან ერთად.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დღეს შატილის მიმართულებით კიდევ რამდენიმე რეისს განახორციელებს და დანარჩენ ტურისტებსა და მოსახლეობასაც გაიყვანს უსაფრთხო ადგილზე.

„პარალელურად, შსს-ს მაშველები დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის ხეობაში მყოფი 5 უცხოელი ტურისტის სამაშველო ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

უცხოელ ტურისტებთან დაკავშირება, რომლებიც უამინდობის გამო განსაცდელში აღმოჩნდნენ, დუშეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა შეძლო. შედეგად, დადგინდა მათი ზუსტი ადგილსამყოფელი.

აღსანიშნავია, რომ მდინარე გუროსჭალის ადიდების გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტით მოძრაობა შეუძლებელია და სამაშველო ოპერაცია ქვეითად მიმდინარეობს.

ამ წუთებში ტურისტების გამოყვანა შატილის მიმდებარე ტერიტორიიდან ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0