თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს განკარგულებით, გამომდინარე იქიდან, რომ იუნესკომ ქალაქ ჰებრონში მდებარე რელიგიური სიწმინდეები — პატრიარქთა სამარხები პალესტინის მემკვიდრეობის ობიექტებად აღიარა, ქვეყანა 1 მლნ დოლარით შეუმცირებს საწევრო გადასახადს გაეროს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ისრაელში მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციამ არ გაითვალისწინა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჰებრონს ებრაელი ხალხისთვის და ქალაქის მთელი ისტორიული ნაწილი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში პალესტინურ ობიექტად შეიტანა.
„პატრიარქთა სამარხებთან დაკავშირებით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილების პასუხად, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ გადაწყვიტა, კიდევ 1 მლნ დოლარით შეამციროს ისრაელის შენატანი გაეროში და მოახმაროს ეს თანხა ჰებრონსა და კირიატ-არბაში ებრაული მემკვიდრეობის მუზეუმის დაარსებას“, — განაცხადა მთავრობის მეთაურის კანცელარიამ.
ისრაელისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის გაეროს ინსტიტუტების ანალოგიური გადაწყვეტილებების პასუხად, ორგანიზაციას საწევრო შენატანებს უმცირებს.
ქალაქი ჰებრონში (იგივე ელ-ხალილი არაბულად), რომელიც იერუსალიმიდან 30 კმ-ში მდებარეობს, 200 ათასი პალესტინელის გარემოცვაში რამდენიმე ასეული ებრაელი ცხოვრობს. მათ უსაფრთხოებას ისრაელის არმია იცავს, რომელიც ქალაქის მეხუთედ ნაწილს აკონტროლებს. სწორედ ჰებრონში მდებარეობს ბიბლიური პატრიარქების: აბრაამის, ისააკისა და იაკობის სამარხები, რომელთაც როგორც ებრაელები, ისე პალესტინელები, თავიანთი ხალხების წინაპრებად მიიჩნევენ.