დამწვარი მანქანები, მაღაზიების ჩამსხვრეული ვიტრინები — ასეთია G20 სამიტის წინააღმდეგ ჰამბურგში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციის შედეგები.
ასზე მეტი პოლიციელი დაშავდა ღამით მომიტინგეებთან შეტაკებისას. მანამდე ზოგიერთი გერმანული საინფორმაციო საშუალება ავრცელებდა ცნობას იმის შესახებ, რომ მომიტინგეებმა "ალტონის" სადგურის უბანში პოლიციის განყოფილებაში შესვლა სცადეს, იუწყება "რია ნოვოსტი".
"დაშავდა 111 პოლიციელი, დემონსტრანტებს შორის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არის. იყო პოლიციის ავტომობილზე თავდასხმის მცდელობა", — განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა და დაამატა, რომ, როგორც ჩანს, სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა მასმედიამ "პოლიციის განყოფილებაზე იერიშის" შესახებ.
პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ამ დროისათვის ქალაქში სამი დემონსტრაცია იმართება, მათ მონაწილეებს ურჩევენ არ დაბლოკონ საერთაშორისო სავაჭრო ცენტრამდე მისასვლელი გზები, სადაც G20 სამიტის მონაწილეთა დელეგაციები იკრიბებიან.