თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა ორმხრივ რეჟიმში ფუნქციონირებს, ნათქვამია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ძლიერმა წვიმამ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 54-ე კმ-ზე ტრანსპორტის გადაადგილებისთვის პრობლემები შექმნა. სოფელ გვრიტოსთან დაახლოებით 150 კუბურ მეტრამდე მოცულობის კლდის შვავი ჩამოწვა, რის შედეგადაც გზის ეს მონაკვეთი რამდენიმე საათით დაიკეტა, ხოლო მოგვიანებით ცალმხრივ რეჟიმში ფუნქციონირებდა. გზის გახსნა გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მოხერხდა.
უამინდობამ პრობლემები საქართველოს გზების სხვა მონაკვეთებზეც შექმნა. დილიდან ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 75-100 კილომეტრზე დეპარტამენტმა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აკრძალვა დააწესა. გზის მონაკვეთი დაკეტილია მეწყრის გამო, რომელიც ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწვა.