ექვსი წლის ფერმერის მცირე მეურნეობა თბილისში და დიდი გეგმები ცხოვრებაში

გამოწერა
ნანუკა მეზვრიშვილი 6 წლისაა. ის ყველაზე პატარა ფერმერია საქართველოში. დიახ, არ ვაზვიადებთ, ნანუკა ფერმერია. მის ფერმაში 10 ციკანი და 6 დიდი თხა ცხოვრობს.

ნანუკასთან ვიზიტზე მის ბებიას წინასწარ შევუთანხმდი, რადგან ჩემი რესპონდენტი ხშირად სახლში არ არის. მართალია, ის ჯერ ექვსი წლისაა, მაგრამ დროის უმეტეს ნაწილს მეზობელ ნაკვეთებში ატარებს თავის თხებთან ერთად. ნანუკას სავსე მთვარესავით ნათელი სახე, უძირო ზღვასავით ცისფერი თვალები და შუბლზე ჩამოყრილი ოქროსფერი თმა აქვს, რომელიც მზეზე განსაკუთრებით უბრწყინავს. თავიდან ცოტა დაბნეული მიყურებს, თუმცა მალევე ავიწყდება, რომ უცხო ადამიანი ვარ და ჩიტივით ჭიკჭიკებს დაუსრულებლად. აღტაცებით მიყვება თხებზე, ციკნებზე, რომლებსაც საგულდაგულოდ უვლის, ეთამაშება და ეფერება.

© ნანა გოგუას პირადი არქივინანუკა მეზვრიშვილი
ნანუკა მეზვრიშვილი - Sputnik საქართველო
ნანუკა მეზვრიშვილი

პატარა ფერმერს ორთაჭალაში ყველა იცნობს. მართალია ძირითად საქმეს ოჯახის უფროსები უძღვებიან, თუმცა ნანუკა აქტიურადაა ჩართული თხების მოვლაში და ბევრი ფუნქცია აკისრია. მას ხშირად შეხვდებით ორთაჭალაში, კერძო დასახლებაში მწვანედ აბიბინებულ ეზოებში თავის კუნტრუშა ციკნებთან ერთად. ნანუკას და მის ციკნებს ბევრი სეირნობა და თამაში უყვართ. ყველაფერი კი ასე დაიწყო…

„სანამ ნანუკა დაიბადებოდა, უკვე მანამდე მქონდა სურვილი, რომ თხა შემეძინა და შვილიშვილი თხის რძით გამეზარდა, რადგან ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. სხვა ცხოველების რძესთან შედარებით მას ბევრი უპირატესობა გააჩნია. მასში დიდი რაოდენობით კალიუმია, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ნანუკას ხუთი თვიდან დავაწყებინეთ თხის რძის მიღება, ნანუკას ძმა კი სამი კვირის იყო, პირველად რომ გასინჯა თხის რძე“, – ამბობს ნანუკას ბებია, ქალბატონი ნანა გოგუა.

© ნანა გოგუას პირადი არქივინანუკა მეზვრიშვილი
ნანუკა მეზვრიშვილი - Sputnik საქართველო
ნანუკა მეზვრიშვილი

ნანუკას დღე დილის ცხრა საათზე იწყება. მეზობელ ეზოებში, სადაც ჯერ არავინ ცხოვრობს და ეზო მწვანე ბალახით არის აბიბინებული, თავისი საყვარელი ციკნები საბალახოდ მიჰყავს. ციკნებს ერთი წუთით არ ტოვებს, რომ მეზობლის ძაღლებმა არ შეაშინონ. როგორც პატარა ფერმერმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, თხები უნდა იყვნენ სუფთები, ამიტომ ყოველ დღე ვარცხნის და ასუფთავებს მათ. გაგიკვირდებათ და 6 წლის ნანუკამ თხების მოწველაც იცის.

„თხის მოწველა ნანა ბებომ მასწავლა, მაგრამ ბევრს ვერ ვწველი, ხელი მეღლება. როცა გავიზრდები, მერე მოვწველი ყველას. მეხალისება, მაგრამ ჯერ ყველას მოწველა არ შემიძლია“, – ამბობს ნანუკა.

© ნანა გოგუას პირადი არქივინანუკა მეზვრიშვილი
ნანუკა მეზვრიშვილი - Sputnik საქართველო
ნანუკა მეზვრიშვილი

ნანუკას ყველა ციკანი ძალიან უყვარს, თუმცა ორ მათგანთან განსაკუთრებული მეგობრობა და სიყვარული აკავშირებს. ყველაზე ძალიან ციცქნა და ნაცარა უყვარს. ნაცარა ცუდად იყო. ეგონათ მოკვდებოდა, მაგრამ ნანა ბებომ წამლები მოუტანა, ნემსებიც გაუკეთეს. ბებოს ნანუკაც ეხმარებოდა, ციკანს ერთი წუთითაც არ მოსცილებია. ნაცარა გადაარჩინეს. ნანუკას თქმით, სწორედ ამიტომ უყვარს ის განსაკუთრებით.

„ციკნებიდან ყველაზე დამჯერი კი ჩემი საყვარელი ციცქნაა. ყველაზე პატარა დაიბადა და ხელში გავზარდე, ამიტომ ძალიან ვუყვარვარ და ყველაფერს მიჯერებს. ყველაზე მეტად ციცქნა და ნაცარა მიყვარს“, – აღნიშნა პატარა ფერმერმა.

© ნანა გოგუას პირადი არქივინანუკა მეზვრიშვილი
ნანუკა მეზვრიშვილი - Sputnik საქართველო
ნანუკა მეზვრიშვილი

მათ ფერმაში ერთი განსაკუთრებული წარმომავლობის თხა, „ალპური“ ცხოვრობს. როგორც ნანუკამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ალპური ჯიუტია, თითქოს თავისი კარგი წარმომავლობით ამაყობს, სხვა თხებს თავს არ უყადრებს და მათთან ერთად არ თამაშობს, სულ განმარტოებით დადის.

„თხები ძალიან კარგი ცხოველები არიან, ერთგულები და მოსიყვარულეები. მე სულ მათთან ვარ და ერთად ვთამაშობთ. ალპური ძალიან ჯიუტია. სხვა თხებთან ერთად არ თამაშობს, მარტო ყოფნა უყვარს. თითქოს მათ თავს არ უყადრებს“, – ამბობს ნანუკა.

ნანუკა სექტემბერში ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს, იგი სკოლაში მიდის. გული სწყდება, რომ საყვარელი თხებისთვის ბევრი დრო აღარ დარჩება, მაგრამ ამბობს, რომ კარგად უნდა ისწავლოს. პატარა ფერმერი დიდ ფერმერობაზე ოცნებობს, ოცნებობს მსოფლიოში ყველაზე დიდი ფერმა ჰქონდეს და ამბობს, რომ ამისთვის ბევრი შრომა და სწავლაა საჭირო.

© ნანა გოგუას პირადი არქივინანუკა მეზვრიშვილი
ნანუკა მეზვრიშვილი - Sputnik საქართველო
ნანუკა მეზვრიშვილი

„სექტემბერში სკოლაში მივდივარ. გული მწყდება, რომ თხებისთვის ბევრი დრო არ მექნება. ბევრი უნდა ვისწავლო. რომ გავიზრდები, მინდა, ბევრი კარგი ჯიშის თხა მყავდეს და მსოფლიოში ყველაზე მაგარი ფერმა მქონდეს. ძალიან მინდა კარგი ცხენი მყავდეს. ვოცნებობ ვეტექიმი გამოვიდე, რადგან მეცოდებიან ცხოველები, რომლებიც ცუდად ხდებიან. მინდა მათ ვუმკურნალო, რომ კარგად გახდნენ. მინდა ჩემი ოცნება მალე ახდეს და მსოფლიოში საუკეთესო ფერმა მქონდეს“, – თქვა ნანუკამ.

ნანა ბებო კი იმას ამბობს, რომ ყველაზე დიდი სიხარული და სიამაყის გრძნობა იმ განცდას მოაქვს, რომ მის შვილიშვილს არ ეზარება, არ ეთაკილება შრომა და პატარა გოგონას შორს მიმავალი გეგმები აქვს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია პატარა ფერმერს წარმატება და ოცნებების ასრულება ვუსურვოთ.

ყველა ახალი ამბავი
0