პოლინა ოდიშარიამ თავის დროზე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა. დღეს ცდილობს საქართველოს სოფლის მეურნეობაში მსოფლიოში ცნობილი EM ტექნოლოგია ფართოდ დაინერგოს.
პოლინას მამამ, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორმა მიხეილ ოდიშარიამ ეს საქმე 2010 წელს დაიწყო. ამ ინოვაციური იაპონური ტექნოლოგიის მიზანი გამოიხატება სლოგანში: გადავარჩინოთ დედამიწა! თუ რას წარმოადგენს კონკრეტულად EM ტექნოლოგია და როგორ ხდება მათი გამოყენება, ამის შესახებ სასაუბროდ პოლინა ოდიშარიას დავუკავშირდით.
– პოლინა, მოდი, მკითხველს უფრო პოპულარული ენით განვუმარტოთ, რას წარმოადგენს EM ტექნოლოგიები?
— ამ ტექნოლოგიების გამომგონებელმა, იაპონელმა მეცნიერმა ტერუო ჰიგამ მთელი ეკოსისტემიდან აიღო ყველა მიკროორგანიზმი, რომლებიც ჯგუფებად გამოარჩია და მათ კლასიფიკაცია გაუკეთა. იქ იყო სასარგებლო მიკროორგანიზმები და იყო ცუდიც, ანუ პათოგენური ბაქტერიებიც. მეცნიერმა 86 სახეობის ეფექტური და სასარგებლო მიკროორგანიზმები ცალკე გამოყო და მათი კომბინაცია შექმნა სითხის სახით. მიღებული ხსნარი გამოიყენება მემცენარეობაში, მეცხოველეობაში, მეფრინველეობაში, მეთევზეობაში, წყლების გასუფთავებაში, ანუ ეკოლოგიაში და ასევე ადამიანებზეც. EM ტექნოლოგია მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება და მათგან მას 54 ქვეყანა აწარმოებს, მათ შორის ჩვენც. პირველი ორი წელი ამ ტექნოლოგიებმა საქართველოში საკმაოდ კარგად იმუშავა და მამამ ბევრი შეკვეთაც მიიღო. უბრალოდ მერე მას ჯანმრთელობამ აღარ შეუწყო ხელი. მაშინ პატარა ვიყავი და ალბათ ხვდებით, რომ 18 წლის გოგოს სოფლის მეურნეობა არ მაინტერესებდა. ახლა რომ გავიზარდე, ჩამოვყალიბდი, მივხვდი, რომ საკმაოდ პერსპექტიული და სასარგებლო საქმეა.
– იქნებ მარტივად გაგვაცნოთ, როგორ ხდება ამ ტექნოლოგიების პრაქტიკულად გამოყენება?
— პირველ რიგში, გააჩნია რისთვის გამოიყენებთ. მეცხოველეობასა და მემცენარეობაში მისი გამოყენება დაახლოებით ერთი ათასთან კონცენტრაციით ხდება. მისი ერთი ლიტრი ზავდება 1000 ლიტრ წყალში და შემდეგ ხდება უშუალოდ ფოთლებზე და მცენარეზე მათი შესხურება. ნიადაგი ადრე გაზაფხულზე მუშავდება. ეს ცოცხალი მიკორორგანიზმებია. ისინი გეომეტრიული პროგრესიით იბადებიან და ყოველ 4 წუთში ერთხელ კვდებიან. იმის გამო, რომ ისინი იკვებებიან და გაზებს გამოჰყოფენ, დამუშავებული მიწის ტემპერატურა დაახლოებით 5 გრადუსით იმატებს. ამიტომ მიწაში რაც არის დარჩენილი, სიტყვაზე, თესლი ან სარეველა, მას „ჰგონია“, რომ გაზაფხული მოვიდა, ამიტომ გაღვივებას იწყებენ და, რა თქმა უნდა, არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო იღუპებიან — იმიტომ კი არა, რომ ეს მიკროორგანიზმები მათ ჭამენ, არამედ იმიტომ, რომ მათ „ატყუებენ“.
– ფაქტობრივად ერთგვარი სატყუარაა?
— დიახ, ასე გამოდის. რაც შეეხება თვითონ უშუალოდ ამ მიკროორგანიზმების მუშაობას, ხსნარი 86 სახეობის მიკროორგანიზმებს შეიცავს. ძირითადი ბაქტერიები აქ რძემჟავა, ფიტოტროპული ბაქტერიები და საფუარია, რომელიც ხელს უწყობს ნიადაგს, რომ ბუნებრივი რესურსები ათჯერ ნაკლებ დროში აღიდგინოს, ვიდრე ბუნებრივად აღიდგენდა. გამოფიტულ ნიადაგს 30 წელი სჭირდება იმისთვის, რომ ყველა ელემენტი დაიბრუნოს. ამ საშუალებით კი ნიადაგი სრულფასოვანი უკვე სამ წელიწადში ხდება. ეს მცენარისთვის დიდი იმუნიტეტია. ხდება ყველანაირი ვიტამინის დროულად და იმ რაოდენობით მიწოდება, რაც მას სჭირდება. ამის შემდეგ, მავნებლები იქნება თუ დაავადებები, ამ ტექნოლოგიით დამუშავებულ მცენარეს უკვე ვეღარ ერევა.
– ვიცი, რომ ბატონი მიხეილი იაპონელ მეცნიერს, რომელსაც ეს გამოგონება ეკუთვნის, უშუალოდ დაუკავშირდა და საქართველოში ჩამოიყვანა…
— დიახ, მამა, რომელმაც მიკრობიოლოგია დამოუკიდებლად შეისწავლა, იაპონელ ტერუო ჰიგას პირადად დაუკავშირდა. მან გამოხატა ინტერესი საქართველოს მიმართ და მოგვიანებით საქართველოში ჩამოვიდა. გაეცნო ჩვენ კულტურას, მიწებს, კლიმატს, ჰავას და გადაწყვიტა, საკუთარი გამოგონება საქართველოშიც დაენერგა. მან კახეთში იმოგზაურა და იმის შემდეგ თქვა, ამდენი ავადმყოფი ადამიანი ერთად არ მინახავსო. როცა ჰკითხეს რას გულისხმობდა, მან ახსნა, რომ იაპონიაში სიმსუქნე ავადმყოფობად ითვლებაო, კახეთში კი ბევრი მსუქანი, ღიპიანი კაცი ვნახეო. სიმსუქნე არაჯანსაღი კვების და გადაჭარბებული ალკოჰოლის გამო ხდებაო. თუმცა ძალიან მოეწონა საქართველოს კლიმატი და ნიადაგის სიუხვე. სურვილი გამოთქვა, რომ გარემო საქართველოში ეკოლოგიურად უფრო გაჯანსაღებულიყო.
– დღეს მამის საქმეს მისი რეკომენდაციებისა და რჩევების დახმარებით თქვენ აგრძელებთ…
— ახლა ამ საქმეში მეც ჩავები და მამის მაგივრად ვარ. რეკომენდაციებს მამისგან ვიღებ და ყველაფერს ვსწავლობ და ვკითხულობ. მიმოწერა გვაქვს წარმომადგენლებთან შვედეთში, ჰოლანდიაში, უკრაინაში და იაპონიაშიც კი. ერთობლივი ძალისხმევით ვცდილობთ საქართველოს გამოვადგეთ და მისი ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ, პროდუქტები ბიოლოგიურად სუფთა იყოს, რომ შხამ-ქიმიკატებით გაჯერებული პროდუქტები ჩვენ ორგანიზმში არ მოხვდეს. ამიტომ ვცდილობთ საქართველოში ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი დავნერგოთ. ამ ეტაპზე ფართო რეკლამა არ გვაქვს, „ფეისბუქით“ ვავრცელებთ ინფორმაციას, რასაც არ მეგონა, თუ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა. ბევრმა შეიძინა კიდეც. ვცდილობთ დავეხმაროთ ყველა ადამიანს, ვისაც ნატურალური პროდუქტი უნდა. ფასიც ძალიან დაბალი გვაქვს – 1 ლიტრის ფასი 16 ლარია. ოღონდ ეს გამომდინარეობს არა იქიდან, რომ ხარისხია დაბალი, არამედ ეს პროდუქტი იმისთვის იქნა გამოგონილი, რომ დედამიწა გადარჩეს და ყველას გვქონდეს იმის საშუალება, რომ ბიოლოგიურად სუფთა გარემოში იცხოვროს. ფასზე გარკვეული ზღვარია დაწესებული, თუ იმ ზღვარზე მაღლა გაყიდი, შესაძლოა ლიცენზია ჩამოგერთვას, რადგან ეს გადარჩენისთვისაა და არა იმისთვის, რომ ფული იშოვო. რა თქმა უნდა, რაღაც რაოდენობით უნდა იშოვო, მაგრამ პირველ საკითხად ეგ არ დგას. მთავარი დედამიწის გადარჩენაა.
– სად შეიძლება ამ ხსნარის შეძენა?
— ამის შეძენა შეიძლება აღმაშენებლის 89/24 ში, ჩვენ ოფისი მეტრო „მარჯანიშვილის“ უკან, დიდი შენობის მესამე სართულზე გვაქვს. თუ რეგიონებში უნდათ და არა აქვთ იმის საშუალება, რომ თბილისში ჩამოვიდნენ. მათთან სამარშრუტო ტაქსებით ვაგზავნით და ინსტრუქციასაც ვუგზავნით ხოლმე. ამის დამზადებას სპეციალური საფერმენტაციო ოთახი სჭირდება, სპეციალური ჭურჭელი უნდა, ტემპერატურას უნდა აკონტროლებდე. თუ ვინმე შეძლებს და გააკეთებს, გამოიყენოს, მაგრამ რეალიზაციის უფლება არ აქვს, რადგან გაყიდვის ლიცენცია მარტო ჩვენ გვეკუთვნის.
– პოლინა, ეს ჩვენი საუბრის თემას არ ეხება, მაგრამ არ შემიძლია არ გკითხოთ – თქვენ ტრადიციული ქართული ოჯახიდან ხართ და ისეთი გამორჩეული ქართველის შთამომავალი, როგორიც დიმიტრი არაყიშვილი იყო…
— დიახ, დედა დინარა არაყიშვილი მუსიკოსი, ცნობილი კომპოზიტორისა და დირიჟორის დიმიტრი არაყიშვილის შვილიშვილია. ანუ ის ჩემი დიდი ბაბუა იყო. დიმიტრი არაყიშვილი საკმაოდ მკაცრი, სერიოზული და საქმიანი პიროვნება იყო. მე მას არ მოვსწრებივარ, მაგრამ ბებიისგან, ანუ მისი რძლისგან ასე გამიგია. ახალი რძალი რომ ვიყავი, მაშინ საჭმლის გაკეთებაც არ ვიცოდი, ამიტომ სულ ვნერვიულობდი და ის მეხმარებოდაო, კეთილი კაცი იყო და ყველასთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდაო. რაც შეეხება მეორე ბაბუას, გივი ოდიშარიას, ის რუსთავის საპატიო მოქალაქე იყო. დღესაც კი რუსთავში რომ ჩახვიდეთ და ნებისმიერ ასაკოვანს ჰკითხოთ, მას ყველა გაიხსენებს, რადგან ყველას ძალიან უყვარდა. იშვიათი პედაგოგი ყოფილა, ყველასთან მიდიოდა და ყველა მის მოსწავლეს, პრაქტიკანტს ეხმარებოდა. ბებიას და მას საოცარი სიყვარული ჰქონდათ. ბოლოს, სიკვდილის წინ მას, თურმე, ბებიის ფოტო ედო წინ. ერთი ამოიმღერა „მხოლოდ შენ ერთსო“ და გარდაიცვალაო…