6 ივლისიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები გაიმართება:
„სპაიდერმენი: დაბრუნება" (Spider-Man: Homecoming) — რეჟისორ ჯონ უოტსის 2017 წლის ამერიკული მხატვრული ფილმი. ფილმის სცენარი ეფუძნება სტენ ლის და სტივ დიტკოს კომიქსებს. იგი ადამიან-ობობაზე გადაღებული ფილმების სერიის ფრანშიზის მეორე ნაწილია და კინემატოგრაფიული სამყარო Marvel-ის მე-16 სურათია. ამ ფილმში პიტერ პარკერი დეიდა მეისა და ტონი სტარკის მეთვალყურეობით ცდილობს ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვროს. როდესაც გაჩნდება ბოროტი გმირი სვავი, პიტერი ყველას აჩვენებს, რას ნიშნავს იყო სუპერგმირი. მთავარ როლებში — ტომ ჰოლანდი, მაიკლ კიტონი და რობერტ დაუნი-უმცროსი.
საინტერესო ფაქტები: ტომ ჰოლანდი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობია (19 წლის), რომელიც პიტერ პარკერის როლზე აიყვანეს. ტობი მაგუაირი 25 წლის იყო, ენდრიუ გარფილდი კი 26-ის. ჭორებმა, რომ პიტერ პარკერის როლი შეიძლება აფროამერიკელმა შეასრულოს, კომიქსის ფანებში ხმაურიანი რეაქცია გამოიწვია და სცენარისტი დენ სლოტი შეაშინა კიდეც.
„ოპერაცია კაზინო" (The House) — რეჟისორ ენდრიუ ჯ. კოენის ამერიკული კომედია უილ ფერელით და ემი პოლერით მთავარ როლებში. სკოტის და კეიტის ოჯახში დიდი სიხარულია — ქალიშვილმა ალექსმა სკოლა დაამთავრა და კოლეჯში ჩააბარა. თუმცა, უზომო სიხარულს იმედგაცრუება ცვლის. ფული, რომელიც ცოლ-ქმარმა ქალიშვილის განათლებისთვის გადადეს, მათ უკვე გაფლანგეს. გოგონას ოცნებები რომ არ დაემსხვრეს, ფუქსავატი მშობლები ავანტიურაზე მიდიან. ისინი, თავზეხელაღებულ მეზობელ ფრენკთან ერთად, საკუთარ სახლს იატაკქვეშა კაზინოდ აქცევენ. ბანალური "რულეტკის" გარდა, იქ სტრიპტიზი და ქალთა ჩხუბიც იქნება.
საინტერესო ფაქტები: ფილმის გადაღებები 2015 წელს ლოს-ანჯელესში მიმდინარეობდა. სხვათა შორის, ჯეისონ მანცუკასი და ემი პოლერი ადრე ერთად მონაწილეობდნენ სერიალში „პარკები და დასვენების ზონები"(2009-2015).
გასულ კვირას თბილისის ეკრანებზე გამოვიდა მულტფილმი "საზიზღარი მე 3" და ბრიტანული საშინელებათა ფილმი „47 მეტრი წყალქვეშ".
თბილისის კინოთეატრებში ასევე შეგიძლიათ იხილოთ — შავი კომედია „ძალიან ცუდი გოგონები" (Rough Night) სკარლეტ იოჰანსონით მთავარ როლში, ამერიკული მელოდრამა „ყველაფერი, ყველაფერი" (Everything, Everything), ალექს კურტცმანის სათავგადასავლო ბლოკბასტერი „მუმია" (The Mummy), რეჟისორ პეტი ჯენკინსის სუპერგმირული ფილმი „ქალი-საოცრება" (Wonder Woman), ამერიკული სათავგადასავლო ფილმი „კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან" და რეზო გიგინეიშვილის თრილერი „მძევლები".
მულტფილმები ბავშვებისათვის — „მანქანები 3" (Cars 3) და კომპიუტერულ-ანიმაციური კომედიური ფილმი „კაპიტანი ტრიკო" (Captain Underpants).
გისურვებთ სასიამოვნო კინოჩვენებას!