თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერლის გელა გურალიას სოლო-კონცერტზე შეიკრიბებიან საქართველოში მისი თაყვანისმცემლები რუსეთიდან, ყახაზეთიდან, ლატვიიდან, უნგრეთიდან, საბერძნეთიდან, არგენტინიდან და სხვა ქვეყნებიდან.
კონცერტი გაიმართება 29 ივლისს ბათუმში და ეს საქართველოში შემსრულებლის პირველი სოლო-კონცერტი იქნება.
გელა გურალიას კონცერტზე მოწვეული არიან სტუმრები — მომღერალი ლელა წურწუმია და მუსიკოსი და კომპოზიტორი ჯუმბერ ამანათაშვილი.
წურწუმიასთან დუეტში გურალია სიმღერებს წურწუმიას რეპერტუარიდან შეასრულებს, ხოლო კომპოზიცია "დაბრუნდის" აკომპანემენტს სიმღერის ავტორი ჯუმბერ ამანათაშვილი გაუწევს.
საღამო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე 20:00 საათზე დაიწყება.
გელა გურალიას ხმა — ტენორ-ალტინო. დაიბადა 1980 წლის 22 დეკემბერს ფოთში. ადრეული ასაკიდან მღეროდა ეკლესიის გუნდში, იყო ხალხურ ანსამბლ "ფაზისისა" და ანსამბლ "თეთრი თოლიას" სოლისტი.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე, თუმცა სწავლის ბოლო კურსზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და შემდგომი პროფესიული ცხოვრება მუსიკას დაუკავშირა. მან უნივერსიტეტი მიატოვა და მუსიკალურ ანსამბლთან ერთად გადავიდა მოსკოვში. რუსეთში კარიერა რესტორანში სიმღერით დაიწყო, სადაც 2008 წლამდე მუშაობდა.
2013 წლის 20 სექტემბრიდან გელა გურალია ტელეპროექტ The Voice-ის მეორე სეზონის მონაწილე ხდება, სადაც ის დიმა ბილანის გუნდში მოხვდა. ახალგაზრდა ქართველი არტისტი ფინალამდე მივიდა და კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა.
რუსეთის ქალაქებში გელა გურალიას კონცერტები 2014 წლის 8 მარტს დაიწყო. 2014 წლის 18 ნოემბერს კრემლში გაიმართა არტისტის სოლო-კონცერტი სიმებიანი სიმფონიური ორკესტრისა და მისი მუსიკალური ანსამბლის თანხლებით. მოწვეული სტუმრების სტატუსით იმღერეს პოლინა კონკინამ, ოლგა კორმუხინამ, თამარ გვერდწითელმა, ეთერ ბერიაშვილმა, გიორგი მელიქიშვილმა და ნოდარ რევიამ.
გელა გურალია უამრავი პრემიისა და ჯილდოს მფლობელია.
მომღერლის რეპერტუარშია სიმღერები მისი ალბომებიდან (Stone by Stone, Coming Home Again), მსოფლიო ჰიტები, სიმღერები, რომლებიც მან The Voice-ზე შეასრულა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ დაწერილი კომპოზიციები.