თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ საბჭოს მოქმედი წევრი ვასილ მშვენიერაძე აირჩია, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც მისი წინა ხელმძღვანელი გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს. სწორედ მან წარადგინა სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მშვენიერაძის კანდიდატურა.
„ჩვენ დღეს მხოლოდ ერთ კანდიდატურას ვიხილავდით და ბუნებრივია ეს არ არის კონკურენტული გარემო. აუცილებელია, რომ ყველა მოსამართლეს მიეცეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს კონკურსში და მოსინჯოს თავისი შესაძლებლობები საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქალაქო სასამართლოში არის იმის რესურსი, რომ რამდენიმე კანდიდატურიდან შეირჩეს კონკრეტული ადამიანი ამ პოზიციაზე“, — უთხრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს.
მშვენიერაძე ასევე აირჩიეს თბილისის სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის თავმჯდომარედ და იგი ამ თანამდებობას 5 წელი დაიკავებს.