ანა გალაი მოსკოვის საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის" პრეს-სამსახურში მუშაობს. საქართველოში რამდენჯერმე სტუმრობის შემდეგ გოგონას არა მარტო საქართველო შეუყვარდა, ის ქართული ფეხბურთის ექსპერტი გახდა.
„ანია, შენ, უბრალოდ, საქართველოში არ ყოფილხარ"
საქართველოს შესახებ პირველად როდის შევიტყვე? ეს მომენტი საოცრად დამამახსოვრდა. 2014 წელი, მონტენეგრო. დაქალთან ერთად სანაპიროს კაფეში ვისხედით, ზაფხულის შვებულება მთავრდებოდა და ერთმანეთს მოგზაურობის შესახებ შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით. მე აღფრთოვანებული ვიყავი: რა ლამაზი ქვეყანაა, რა ბუნება, რა ხალხი! დაქალი ამყვა, თუმცა, აღნიშნა: „ანია, შენ საქართველოში არ ყოფილხარ. იქ აუცილებლად წაგიყვან. და რასაც ახლა მონტენეგროში ხედავ, აღარ გაგიკვირდება". მის სიტყვებში ეჭვი შემეპარა: „საქართველო? იქ ისეთი განსაკუთრებული რა უნდა იყოს?" — თუმცა, ზაფხულის შვებულებაზე ბათუმში წასვლაზე დავთანხმდი.
მთელი წელი საქართველოზე ვფიქრობდი. მამის მხრიდან ქართული ფესვები გამახსენდა. შემდეგ გამახსენდა, რომ მისი ცოლი ქართველია, მათი შვილები მთელ ზაფხულს ბათუმში ბებიასთან ატარებენ. მამა შემპირდა, რომ ბინის საკითხში დამეხმარებოდა, და ბებიის და ძმების მონახულება მთხოვა.
მოგზაურობისთვის რამდენიმე თვე ვემზადებოდით: ძირითადად მოლოდინებით და ოცნებებით ვცხოვრობდით – რას გავაკეთებდით, რას ვნახავდით, ვის გავიცნობდით. საქართველო თითქოს ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ამავე დროს ძალიან შორს. სტერეოტიპული ევროპისგან განსხვავებით, სადაც მანამდე ბევრჯერ დამისვენია და ზუსტად ვიცოდი, რას უნდა ელოდო, საქართველოს შესახებ არანაირი წარმოდგენა არ მქონდა.
ბათუმური ისტორიები
და, აი, დადგა ის დღე „იქსი". თავბრუ მეხვეოდა: ტაქსის ფანჯრიდან ვხედავდი ცათამბჯენებს, ეშმაკის ბორბალს, ზღვას, მწვანე პარკებს, მოვლილ ქუჩებს. ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი, თავი სიზმარში მეგონა. შემდეგ კი… შემდეგ იყო გიჟური ათი დღე. პლაჟზე დასვენების და რუჯის მოყვარული ვარ, მაგრამ ბათუმში შეზლონგზე გატარებული თითოეული წუთი დროის ფუჭ დაკარგვად მეჩვენებოდა! მინდოდა ქალაქის ნახვა, ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება, სეირნობა ვიწრო ქუჩებით, პიაცაზე ღვინის დალევა, არტ-ბულვარზე ველოსიპედით სრიალი, პიზის კოშკის რესტორანში ვახშამი, დილამდე კლუბებსა და პლაჟზე ცეკვა და ბედნიერებისგან ყვირილი. საქართველოში თავი დავკარგე!
ბევრი ადამიანი გავიცანი. უცნაური, საინტერესო, სასაცილო, ტრაგიკული, უჩვეულო… ეპითეტების სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. საქართველოში ყოველ ნაბიჯზე ვიღაცის გაცნობა შეიძლება, მოსკოველი „სნობების" შემდეგ ქართული სტუმარმასპინძლობა გაოცებს და თავიდან მას ეჭვის თვალითაც კი უყურებ. თუმცა, შემდეგ ხვდები: ადამიანებს გულახდილად უხარიათ შენი გაცნობა, შენთან ურთიერთობა ნამდვილად აინტერესებთ — ყველანაირი ქვეტექსტების გარეშე.
ყველა ჩვენი თავგადასავლისა და განცდების შესახებ რომ ვილაპარაკო, დოსტოევსკის რომანი არ ეყოფა. ჩემი დაქალი ყურებამდე შეყვარებული იყო, თაყვანისმცემლების ერთ ნაწილს ბათუმის შემოგარენში, ჩანჩქერებზე დავყავდით, სხვები ჩვენ „მოტაცებას" და მთაში წაყვანას ცდილობდნენ, ზოგიერთი კი ქალაქში გასაქანს არ გვაძლევდა. ჯერ არასდროს არ ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი იმის შეგრძნებით, რომ ვარ ახალგაზრდა, შემიძლია ვიმოგზაურო, ვნახო ახალი ქვეყნები და გავიცნო ახალი ადამიანები.
დარჩენილი დრო თბილისში გავატარეთ. „ბათუმური ისტორიები" თავს არ გვანებებდა, ამიტომ მზიანი საქართველოს დედაქალაქი კარგად ვერ დავიმახსოვრე: მაგრამ ჩემ თავს შევპირდი, რომ აქ აუცილებლად დავბრუნდებოდი და რაც შეიძლება მალე.
ფეხბურთის ლეგენდასთან შეხვედრა
საქართველოდან ჩვენი დაბრუნების შემდეგ თითქმის ორი თვე გავიდა. იმავე დაქალთან ჩახუთულ აუდიტორიაში ლექციაზე ვისხედით. და უცებ… მას მოუვიდა შეტყობინება, რომ ერთ-ერთი ცნობილი „ლოუკოსტერი" ბილეთების გაყიდვას იწყებდა რამდენიმე რეისზე, მათ შორის, ვლადიკავკაზიდან. ერთ წუთზე ნაკლებ ხანს ვიფიქრეთ, საპასპორტო მონაცემები ორ წუთში შევიყვანეთ, ხოლო მოგზაურობას ოთხ თვეზე მეტხანს ველოდით. "წლის ავანტიურა" ყველა წვრილმანში დავგეგმეთ.
თებერვლის დასაწყისში ვლადიკავკაზში ჩავფრინდით და ვლოცულობდით, რომ საქართველოს სამხედრო გზა ზვავსაშიშროების გამო დაკეტილი არ ყოფილიყო. ღამე სასტუმროში გავატარეთ, დილით ავტოსადგურზე წავედით. წინ გველოდა ექვსსაათიანი მგზავრობა მთის მიხვეულ-მოხვეული გზებით და უღელტეხილებით და არაჩვეულებრივი ფერის მთები — მარჯვნივ, მარცხნივ, წინ — ყველგან!
ღამე თბილისში ჩავედით. ის იყო თბილი (+14 თებერვალში), მზიანი, საცობებში „გახლართული", მყუდრო და ისეთი ლამაზი — არ ვიცი, კიდევ როგორ დავახასიათო ეს ქალაქი. რუსთაველის გამზირს მიუყვები, ეშვები თავისუფლების მოედანზე, უხვევ შარდენზე — მოდურ ბარებსა და კაფეებთან — ჯდები ფუნიკულიორზე, ათვალიერებ „ქართლის დედას", სეირნობ „მშვიდობის ხიდზე". საქართველო იმდენად საოცარი და ჯადოსნური ქვეყანაა, რომ ერთხელ გავლილ მარშრუტს სამუდამოდ იმახსოვრებ.
იმ მომენტისთვის ამ ქვეყანასთან პროფესიაც მაკავშირებდა. მაშინ და ახლაც საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის" პრეს-სამსახურში ვმუშაობ. ვწერ ტექსტებს, რეპორტაჟებს და ინტერვიუებს. რუსეთის ჩემპიონატში ყოველთვის ბევრი ქართველი იყო, ჯერ კიდევ 1990-იანებში და 2000-იანებში ბრწყინავდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიც ზაზა ჯანაშია, მიხეილ აშვეთია, მალხაზ ასათიანი, გიორგი დემეტრაძე. ახლაც ბევრნი არიან: ჯანო ანანიძე, გიორგი ლორია, სოლომონ კვერკველია. „ჩემ" „ლოკომოტივში" ქართველები, მგონი, ყოველთვის იყვნენ.
ახლახან, საბა კვერკველია იჯარის შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა აღნიშნა: „ლოკო" ქართველების გარეშე „ლოკო" არ არის!"
თბილისში მაშინ ძალიან მინდოდა ზაზა ჯანაშიას ნახვა, რომელიც „ლოკოში" 1996 წლიდან 2001 წლამდე თამაშობდა. ჩვენ ჩემპიონატს მან თავი დაამახსოვრა არაჩვეულებრივი გოლებით და თითოეული გატანილი გოლის შემდეგ აკრობატული ილეთების შესრულებით. ქომაგებს ის ძალიან უყვართ და მას ყოველთვის დიდი სითბოთი იხსენებენ. აბა ქართველის გახსენება სხვა გრძნობით შეიძლება?
ზაზას დიდხანს ვეძებდი და როგორც იქნა შევხვდი თბილისში. ქალაქის ცენტრში, პატარა კაფეში ერთ საათზე მეტხანს ვილაპარაკეთ: ჯანაშიამ თავის საფეხბურთო კარიერაზე ისაუბრა, თავის არასპორტულ ოინებზე, გუნდელებზე და მწვრთნელებზე. ინტერვიუ დაიბეჭდა კლუბის ვებ-გვერდზე და ჟურნალში „ჩვენი ლოკო" და შემდეგ სხვა გამოცემებშიც გავრცელდა. ამდენი კეთილი სიტყვა არც ერთი ფეხბურთელის მისამართით ჯერ არ მომისმენია. ახლა ზაზა თბილისის „დინამოს" ბავშვთა გუნდს წვრთნის, საქართველოს ვეტერანებში თამაშობს, კვლავ ლამაზი გოლები გააქვს და აკრობატულ ილეთებს ასრულებს.
მთებს მხოლოდ… ქართული მთები სჯობს
საქართველოში ჩემი მეორე მოგზაურობის მიზანი, ლეგენდარულ ფეხბურთელთან ინტერვიუს გარდა, იყო მთები. ბავშვობაში მშობლებმა თხილამურებზე დამაყენეს, მაგრამ სკოლის პერიოდში მთაში მოხვედრა არც ისე მარტივი იყო. ასე რომ, საქართველოში, პრაქტიკულად, ახალბედა მოთხილამურე ჩამოვედი. დასასვენებლად მე და ჩემმა დაქალმა ბაკურიანი ავირჩიეთ.
იქ ბევრი ტურისტი დაგვხვდა — რუსები, უკრაინელები, ბელარუსები… უსასრულოდ შეიძლება ვილაპარაკო არაჩვეულებრივ პეიზაჟებზე და სილამაზეზე, იმ დიდ სიამოვნებაზე, რომელსაც სასწაული სისწრაფით მთიდან დაშვებისას გრძნობ. მაგრამ ერთი საინტერესო შემთხვევა მახსენდება. ერთხელ მე და ჩემი დაქალი საღამოს სასრიალოდ წავედით, ჩვენმა ადგილობრივმა მეგობრებმა, რომლებიც "დიდველის" ტრასაზე ინსტრუქტორებად მუშაობდნენ, გვითხრეს, რომ დღეს ირაკლი ფირცხალავასთან ერთად ვისრიალებდით! სწორედ იმ ირაკლი ფირცხალავასთან, რომელიც „ლონდონ-პარიზს" მღეროდა და ვის მუსიკაზეც ჩვენ გავიზარდეთ! ურთიერთობაში ირაკლი ძალიან უშუალო აღმოჩნდა, ჩვენ ძველი ნაცნობებივით ვლაპარაკობდით. ის „ლოკოს" ქომაგი ყოფილა და პატარა ინტერვიუც კი მომცა — პირდაპირ საბაგიროს კაბინაში. ფირცხალავა — კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში, თუნდაც ცნობილი და პოპულარული ადამიანი, მაინც უბრალო ქართველად რჩება — გულკეთილად და გულახდილად.
მთებში ორი კვირის ყოფნის შემდეგ წავედით ქუთაისში, საიდანაც მოსკოვში უნდა გავფრენილიყავით. ამ რეგიონში პირველად ვიყავი. ქუთაისი სხვა ქალაქებისგან განსხვავდებოდა — ლამაზი ტაძარი, მოვლილი ცენტრი, თითქმის ევროპული შენობები, კოლორიტული ადგილობრივი ბაზარი. თუმცა, რაღაც შინაგანად დამანგრეველიც იყო: განსაკუთრებით გამაოცა ქალაქის ცენტრში მდინარესთან მიტოვებულმა შენობებმა — ისინი წყალდიდობის გამუდმებული საფრთხის გამო მიატოვეს. ამ ქალაქში შევიგრძენი, რომ საქართველოში ყველაზე საოცარი სიცოცხლის სიყვარულია.
ქართველების უმრავლესობა მდიდრულად არ ცხოვრობს, ბევრი საერთოდ სიღარიბის ზღვარზეა, მაგრამ ისინი გულს არ იტეხენ და ფარ-ხმალს არ ყრიან. ყველგან, ყველაზე ღარიბ სახლშიც კი, შენი სტუმრობა ახარებთ, სუფრას გიშლიან, გათბობენ ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობითა და ჭაჭით.
ქართველებზე შეყვარებული ვარ. ეს ის სიყვარული არ არის, რომელიც მამაკაცსა და ქალს შორის არსებობს, ეს ხალხისა და კულტურის სიყვარულია. ამ სამყაროში ქართველები და ჩემში საქართველოს ნაწილი შემიყვარდა. რამდენიც არ უნდა მითხრან: „ანია, არ შეიძლება ერთსა და იმავე ქვეყანაში სიარული, უნდა გააფართოო შენი თვალსაწიერი!" — ზუსტად ვიცი, რომ საქართველოში არაერთხელ დავბრუნდები.