თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ბათუმის დელფინარიუმში დელფინს, მეტსახელად დანას, შვილი შეეძინა, ნათქვამია დელფინარიუმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ბოლო ერთი თვეა დელფინარიუმის თანამშრომლები 24 საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დანამ ექოსკოპიის თანახმად დადგენილ ვადაში იმშობიარა. დედა და ახალშობილი, უსაფრთხოების ნორმების გამო ცალკე აუზში იმყოფებიან, სადაც კიდევ ერთი დედა-შვილი ცუცა და გურუ ბინადრობენ“, — აღნიშნულია განცხადებაში.
დედა დელფინი პატარას გარემოსთან ადაპტაციას პირველივე წუთებიდანვე ასწავლის და წყლის ზედაპირზე ამოჰყავს, რის შემდეგ ახალშობილი დედასთან ერთად სინქრონულად იწყებს ცურვას. ახალშობილი დედის რძით კვებას იწყებს, რაც 3 წელზე მეტხანს გრძელდება. ახალდაბადებული დელფინის სქესი, ჯერჯერობით, უცნობია.
ბათუმის დელფინარიუმში ეს ფაქტი დელფინის დაბადების მეექვსე შემთხვევაა, რაც სპეციალისტების აზრით იმის დადასტურებაა, რომ ბათუმის დელფინარიუმის ბინადრებისთვის იდეალური პირობებია შექმნილი.
დელფინი „აფალინა“ — ყველაზე დიდი დელფინია შავ ზღვაში, რომლის სიგრძეც 3.3 მეტრს (ჩვეულებრივ დელფინების სიგრძე 1,9-2,5 მეტრია) აღწევს.
„აფალინა“ წითელ წიგნშია შესული.