თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. ზაფხულის ცხელ სეზონთან დაკავშირებით, მოგიწოდებთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე და დღის ყველაზე ცხელ პერიოდში ქუჩაში გასვლისგან შეიკავოთ თავი, ნათქვამია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით გავრცელებული რეკომენდაციების უმეტესობა სახლში და სამუშაო ადგილებზე ტემპერატურის კონტროლს ეხება. განსაკუთრებული სიფრთხილისკენ სამინისტრო მცირეწლოვანთა მშობლებს და 60 წელს გადაცილებულ პირებს მოუწოდებს.
„თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერი კონდენციონერით გრილდება. მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საუალებებში“, — ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე.
სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, თუ შეამჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრი, ან ნებისმიერი ადამიანის სხეული ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს.
„სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი. ტანი დაუზილეთ 250-300C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონება დაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე“, — ნათქვამია განცხადებაში.
უწყება მოსახლეობას მოუწოდებს დღის განმავლობაში მიიღონ მეტი სითხე, გრილი შხაპი. ქუჩაში გასვლისას ატარონ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი და მზისგან დამცავი სათვალე.
სინოპტიკოსები 2-3 ივლისს დასავლეთ საქართველოში +38 გრადუსამდე სითბოს, აღმოსავლეთში კი +40 გრადუსამდე პროგნოზირებენ.