თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ქართული წარმომავლობის ბრიტანელი მომღერალი ქეთი მელუა შეკვეთილში, Black Sea Arena-ს სცენაზე სოლო კონცერტით 23 ივლისს გამოვა.
მომღერლის კონცერტი სამთავრობო პროექტის Check in Georgia ფარგლებში გაიმართება, რომელიც საქართველოს საერთაშორისო არენაზე პოპულარიზებას ემსახურება.
"ზაფხულის დღესასწაული" — ასე ეწოდება შოუს, რომლითაც ქეთი მელუა ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება.
ქეთი მელუას აკომპანირებას გაუწევს ინგლისური ბენდი: Tim Harries — ბას–გიტარა, Mark Edwards — კლავიში, Simon Lea — დასარტყამი ინსტრუმენტი, Paul Sayer — გიტარა. სპეციალური მოწვევით — გორის ქალთა კამერული გუნდი.
Black Sea Arena-ს სცენაზე მელუას გამოსვლამდე, 15 ივლისს ახალი პროგრამით გამოვა ანსამბლი "სუხიშვილები". ქეთი მელუას შემდეგ კი დაგეგმილია: 15 აგვისტოს — ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნის საღამო, 21 აგვისტოს — ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight, 26 აგვისტოს — გორან ბრეგოვიჩი, 16-17 სექტემბერს — ელტონ ჯონი.
ქეთი მელუა რვა წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ჩრდილოეთ ირლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 14 წლისა — ინგლისში. მისი დებიუტი 2003 წელს გაიმართა, როდესაც გამოვიდა მისი პირველი ალბომი Call Off the Search. 2006 წელს ხმის ჩამწერი ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFPI) ქეთი მელუას ევროპაში ყველაზე წარმატებული ქალი-შემსრულებელი უწოდა.
ამჟამად ქეთი მელუა ცნობილია არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც. მსოფლიოში გაყიდულია მისი 11 მილიონზე მეტი დისკი. ის კომპოზიციებს ჯაზისა და ბლუზის სტილში ასრულებს.