ლაშა რამიშვილის ვოიაჟი მსოფლიოს გარშემო და თურქეთის აეროპორტში დაკარგული მეგობარი

© photo: Lasha Ramishvili / FBლაშა რამიშვილი
ლაშა რამიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოგზაურობა თითქმის ყველა ადამიანისთვის სასიამოვნო და საინტერსო პროცესია. ულამაზესი ადგილები - ზოგი ნაცნობი, ზოგიც უცნობი, უამრავი თავგადასავალი და შთაბეჭდილებები ადამიანის ცხოვრებას საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის.

მომღერალი და მსახიობი ლაშა რამიშვილი ძალიან ბევრს მოგზაურობს და ამბობს, რომ თითოეული მოგზაურობა წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მის ცხოვრებაში. ჯერჯერობით, მისი ფავორიტი ქვეყანა ისრაელია. ჩვენთან საუბრის დროს ლაშამ გულისტკივილი გამოთქვა, რადგან შესაძლოა, ოჯახთან ერთად,  საქართველოს დატოვება მოუხდეს.

— მოგზაურობა ადრეული ბავშვობიდან დავიწყე. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ყველას თავისებური ხიბლი აქვს. საოცარი ქალაქია მინსკი, რამდენიმე წლის წინ  ვიყავი პეკინში და გაოგნებული დავბრუნდი. ისეთი ქალაქია, 10 წლის განმავლობაში რომ ათვალიერო არ გეყოფა, ყველაფერის სანახავად.

© Photo: Courtesy of Lasha Ramishviliლაშა რამიშვილი
ლაშა რამიშვილი - Sputnik საქართველო
ლაშა რამიშვილი

- ყველაზე კომფორტულად რომელ ქალაქში იგრძენით თავი?

— ედინბურგი არის ქალაქთა ქალაქი — ულამაზესი და უმშვენიერესი. ასევე წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა თელ-ავივმა. ახალ წელს ვიყავი იერუსალიმში, საოცარი ხალხი გავიცანი. საოცრად დიდი მადლია იქ ყოფნა, უფლის საფლავზე, იმ ქვის შეხება, რომელზედაც თავად უფალი იწვა.

- ამ კითხვაზე ხშირად მპასუხობენ, რომ  ყველაზე კომფორტულად და თავისუფლად ნიუ-იორკში გრძნობენ თავს. თქვენ რას იტყვით ამ ქალაქის შესახებ?

— ულამაზესი და საოცარი ქალაქია ნიუ-იორკი, მაგრამ ჩემი ფავორიტი ქალაქი არ არის. როგორც გითხარით, მე უფრო იერუსალიმს ვანიჭებ უპირატესობას. თუმცა, ჩემი სახლის ხედიდან დანახულ, ჩემს ულამაზეს ქალაქს არაფერი მირჩევნია.

© Photo: Courtesy of Lasha Ramishviliლაშა რამიშვილი
ლაშა რამიშვილი - Sputnik საქართველო
ლაშა რამიშვილი

- ანუ როცა გრძელვადიანი ვიზიტები გაქვთ საზღვარგარეთ, მშობლიური სახლი გეძახით?

— 2007 წელს ედინბურგში რომ ჩავედი, ორი კვირის განმავლობაში ვიყავი თეატრალურ ფესტივალზე. მეორე დღეს ნომერში სააბაზანოს ვიდეო გადავუღე და დამცინეს, რად გინდა აბაზანას ვიდეოს რომ უღებო? ჩემი სახლის აბაზანას ჰგავდა და მაგიტომ გადავუღე. მეორე დღესვე იმდენად მომენატრა სახლი, რომ ნოსტალგია შემომაწვა. არ ვიცი ეს ოჯახის, ქალაქის, თუ ქვეყნის მონატრება იყო. ღამღამობით შეიძლება ითქვას ცრემლად ვიღვრები ხოლმე.

- ეს სერიოზულად მივიღოთ, თუ ცოტა აზვიადებთ?

— ჩემს მეუღლეს გადაღებული აქვს, როგორ ვიცრემლები.

- რომელი ქვეყნის მაყურებელისგან იგრძენით ყველაზე დიდი სითბო, ყურადღება, დაფასება?

— სადაც კი გასტროლზე ვყოფილვართ, არცერთი ქვეყნის მაყურებელი პასიური არ ყოფილა. ნიუ-იორკში, ფილადელფიის უზარმაზარი დარბაზი გადაჭედილი იყო ხალხით.

- ყველაზე დიდი ანშლაგი რომელ ქვეყანაში იყო?

— ალბათ, ისრაელში. უზარმაზარი დარბაზი გადავსებული იყო და უდიდესი სიყვარული მოდიოდა თითოეული ადამიანისგან.

© Photo: Courtesy of Lasha Ramishviliლაშა რამიშვილი
ლაშა რამიშვილი - Sputnik საქართველო
ლაშა რამიშვილი

 

- რაიმე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდით, რომელიც მოგზაურობის დროს გადაგხდათ თავს?

— ნიუ-იორკიდან რომ მოვფრინავდით,  ჩემი თანამშრომელი გოგა მოძმანაშვილი დაგვრჩა თურქეთის აეროპორტში. იმდენად უძინარი ვიყავით ყველა, რომ მას ჩასძინებია და ჩვენც არ გაგვახსენდა. თვითმფრინავი რომ დაიძრა შემდეგ მივხვდით, რომ ჩვენთან ერთდ არ იყო. ავტეხეთ ყვირილი, მაგრამ ვინ გააჩერებდა თვითმფრინავს? გოგა მეორე რეისით გადმოფრინდა თბილისში. აქ რომ ჩამოვიდა საყვედური ვუთხარით, მაგრამ რეალურად ჩვენ ვიყავით დამნაშავე, ადამიანი რომ აეროპორტში დაგვრჩა.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ სამზარეულოს შესახებ. ყველაზე უცნაური რა გაგისინჯავთ და რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?

— პეკინში მივირთვი ბაყაყი, რომელიც იყო ძალიან გემრიელი. თავიდან უარი ვთქვი, არ შევჭამ-თქო, შემდეგ პროდიუსერმა მამუკა სააკაშვილმა მირჩია გავსინჯოთ, ხომ უნდა გვქონდეს დაგემოვნებული ამ ქვეყნის დელიკატესიო. ერთი ბაყაყი „დავაკვლევინეთ“. ისეთი ხრტილოვანი იყო, ქათმის ხორცის მსგავსი, თან იმდენად კარგად იყო შეზავებული, გაოცებული დავრჩი. ნოყიერი ვახშამი გამოგვივიდა. ისრაელში გავსინჯე ხუმუსი, უგემრიელესი იყო. ზოგადად, ისრაელში ძალიან გემრიელი სამზარეულო აქვთ. მაგრამ, მომკალით და ჩემი მეუღლის ხელით გაკეთებულ ხორცის სალათას არაფერი მირჩევნია.

- ანუ ექსპერიმენტებს არ ერიდებით ამ საკითხში?

— არა, არ ვერიდები. პირიქით, ძალიან მომწონს ექსპერიმენტები და ახალი აღმოჩენები ამ საკითხში.

© Photo: courtesy of Lasha Ramishviliლაშა რამიშვილი
ლაშა რამიშვილი - Sputnik საქართველო
ლაშა რამიშვილი

- ამ ეტაპზე რომელ ქვეყანაში გეგმავთ წასვლას?

— 50-50-ზე ვართ, ან წასვლა საზღვარგარეთ, ან ჩვენს ქვეყანაში დარჩენა. თუ წავალთ, მთელი ოჯახი  წავალთ ამერიკაში ან მოსკოვში. თუ წავედით, ალბათ, სამუდამოდ წავალთ.

- რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

— ეს გადაწყვეტილება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. ჩვენს ქვეყანაში უკვე ძალიან მძიმე აურაა. გნებავთ ჩვენს სფეროშიო, გნებავთ სხვა სფეროში, ყველა ემუქრება ერთმანეთს. ურთიერთობები გაცივდა, დამძიმდა. გაქრა სიყვარული და პატივისცემა. ეს არის მიზეზი, რის გამოც კიდევ ვფიქრობ წავიდეთ, თუ დავრჩეთ. ჩემმა მეგობარმა კოტე მჟავიამ იცის თქმა, ჩვენ ქართველები „მობრძანდი ქვეყანა“ ვართო. მე კი ვფიქრობ, რომ „მობრძანდი ქვეყანა“ ვიყავით.

© Photo: Courtesy of Lasha Ramishviliლაშა რამიშვილი მეგობრებთან ერთად
ლაშა რამიშვილი მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
ლაშა რამიშვილი მეგობრებთან ერთად

- თქვენ სად ხედავთ გამოსავალს?

— მთავარია ვესაუბროთ, მოვუსმინოთ ერთმანეთს. უანგაროდ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ვეცადოთ, რომ კარგი თვისებები დავინახოთ ერთმანეთში და არა  ცუდი. როცა მზე ანათებს, ის კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ გადაწვავს და გააუბედურებს ყველაფერს, უნდა ვიფიქროთ, რომ სინათლე და სითბო შემოაქვს ჩვენში. თუ ყველაფერს კეთილი თვალით შევხედავთ, აუცილებლად გვეშველება.

ყველა ახალი ამბავი
0