თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. მატარებელი, რომელიც ბორჯომსა და ბაკურიანს აკავშირებს, ლიანდაგიდან გადავიდა, დაშავებულები არ არიან, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" სს "საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ.
მისი თქმით, საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მატარებელი გადაბრუნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. შექმნილი ტექნიკური პრობლემა პრაქტიკულად მაშინვე აღმოიფხვრა, ხოლო მომხდარიდან ნახევარ საათში მატარებელმა სვლა განაგრძო.
"იმავე მომენტში დაიწყო სამუშაოები და მატარებელმა გზა გააგრძელა, უკვე მორიგი რეისი განხორციელდა. არაფერი მომხდარა, არანაირი პრობლემა არ არსებობს", — განაცხადა ცაგურიამ და დაამატა, რომ ტურისტებს და ყველა დამთვალიერებელს მატარებლით მგზავრობა შეუფერხებლად შეუძლიათ.
ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და, რთული კლიმატური პირობების გამო, ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდა.
ხაზზე დიდი ხნის განმავლობაში მოძრაობდა მცირე ორთქლმავალი, რის გამოც დღეს არსებულ ელექტროშემადგენლობასაც კი რუსული ორთქლმავლის მეტსახელი "კუკუშკა" შემორჩა.
სოფელ ცემთან მატარებელს ხიდზე უწევს გადასვლა. ეს რკინის ხიდი ლეგენდარული კონსტრუქციაა, რომელიც ეიფელის კოშკის ავტორმა ალექსანდრ გუსტავ ეიფელმა დაამზადა. მაშინ უკვე ცნობილი კონსტრუქტორისთვის ხიდი მიხეილ რომანოვს შეუკვეთია საფრანგეთში, დამონტაჟებით კი ბესარიონ ქებურიას დაუმონტაჟებია. ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზით "ბორჯომი-ბაკურიანი" პირველმა "კუკუშკა" მატარებელმა 1902 წლის იანვარში გაიარა.
2016 წელს მატარებლები მთლიანად გაახლეს, თუმცა თავდაპირველი იერ-სახე შეუნარჩუნეს.