მაიკო თვალავაძე პროფესიით სივრცის დიზაინერია. დამთავრებული აქვს ი. ნიკოლაძის სასწავლებელი ფერწერის განხრით, ხოლო შემდგომ სამხატვრო აკადემია. ამჟამად დაკავებულია საავტორო აქსესუარების შექმნითა და მათი რეალიზებით.
მაიკოს ნამუშევრები ფერთა საოცარი გამითა და ორიგინალური ფორმებით გამოირჩევა. მეგობრებთან ერთად დაწყებულ საქმიანობას დღეს მარტო და საკმაოდ წარმატებითაც განაგრძობს.
— როდის დაინტერესდით ხელნაკეთი სამკაულის შექმნით და რამ განაპირობა თქვენი ინტერესი?
— სამოდელო ინდუსტრიისადმი ინტერესი ბავშვობიდან მომდინარეობს. აკადემიის დამთავრების შემდგომ მალევე დავოჯახდი და ამიტომ პირველი შვილის შეძენის შემდეგ მომიწია ისეთი საქმის მოფიქრება, რომელსაც სახლიდან გაუსვლელად შევძლებდი. მე და ჩემმა მეგობრემა გადავწყვიტეთ დაგვეარსებინა აქსესუარების ხაზი, ოღონდ ისეთი, როგორიც საქართველოში ჯერ არავის ქონდა გაკეთებული. შევქმენით რამდენიმე ნიმუში, რომელიც იყო „სტიმპანკის“ (ძველი მექანიკური საათების დეტალები, ძველი გასაღებები და ისეთი დეტალები, რომლებიც, ერთი შეხედვით, გამოუსადეგარი იყო) ელემენტებითა და სხვადასხვა მასალით გაჯერებული. ეს, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტი, მივიტანეთ TBILISI FASHION WEEK-ის ორგანიზატორთან და მაშინ, ჩვენდა გასაოცრად, გავხდით ამ ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე.
ეს იყო ჩვენი პირველი ნაბიჯი, რომელსაც შემდგომ უკვე მოჰყვა სხვადასხვა გამოფენები და ბევრი სასარგებლო აქტივობები. თუმცა ეს კოლექცია, ნელ-ნელა ჩაანაცვლა უფრო მოთხოვნადმა სტილმა, რადგან თამამი ექსპერიმენტები მაშინ ნაკლებად გაყიდვადი იყო.
უკვე სამ წელზე მეტია, ამ ყველაფერს ვქმნი მხოლოდ მე, რადგან სხვადასხვა მიზეზების გამო, ჩემს მეგობრებს მოუწიათ გამოთიშვა ამ საქმიანობიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდა სტილი, სადაც ვცდილობ გავითვალისწინო ბაზრის მოთხოვნა და ამავე დროს, მინდა ყოველთვის იყოს ნამუშევრები ორიგინალური, გემოვნებიანი და გამორჩეული.
— საბოლოოდ არჩევანი რა მასალაზე შეაჩერეთ?
— ამოცანა იყო ის, რომ კოლექცია განსხვავებული და რაც მთავარია, იაფი ყოფილიყო. ანუ თვითღირებულება მასალებისა, რაც შეიძლება, დაბალი უნდა ყოფილიყო. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სტარტაპის თანხა ძალიან მცირე იყო, ამიტომ მოვიძიეთ მეგობრებში ყველა უსარგებლო და გაფუჭებული ნივთი და მათ სრულიად ახალი, განსხვავებული სიცოცხლე შევძინეთ.
— რა შეიძლება გახდეს თქვენი შთაგონების წყარო?
— სამწუხაროდ, არაფერი მაგდაგვარი. საქართველოში არ ვართ განებივრებული მასალების მრავალფეროვანი არჩევანით და ამიტომ ხშირად შეუძლებელია იდეებსა და შთაგონებას ფრთები შეასხა. ძირითადად არსებული მასალა მკარნახობს, რა შეიძლება შევქმნა.
საქმეს ართულებს ის ფაქტორი, რომ მთელ საქართველოში სულ რაღაც სამი-ოთხი სავაჭრო ობიექტია, სადაც შეიძლება ამ ყველაფრის შეძენა. აქედან გამომდინარე, მაინც უნდა შევძლო და ყველასგან განსხვავებული ვიყო. მაგრამ მგონი გამომდის. ნუ, ძალიან ვცდილობ, ყოველ შემთხვევაში.
— რაში გამოიხატება თქვენი შექმნილი სამკაულის ორიგინალურობა? რით გამოირჩევა იგი სხვებისგან?
— ალბათ, სტილით, ფერთა გამით. ვცდილობ, რომ გავაკეთო ისეთი, რომელიც პირველ რიგში მე მომეწონება და შემდეგ მივაწოდო უკვე მომხმარებელს. ჩემდა გასახარად, ძალიან ბევრი უკვე ცნობს ჩემს აქსესუარებს, როცა ცნობად სახეს, ან მის ნაცნობებს უკეთიათ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისინი სხვას არ ჰგავს.
— უცხოეთიდან თუ გაქვთ შეკვეთები?
— რა თქმა უნდა, უცხოელებიც ინტერესდებიან, მოსწონთ, ყიდულობენ, როგორც თავისთვის, ისე საჩუქრად. სამწუხაროდ, მათთვის ბევრად პრიორიტეტულია საავტორო ნამუშევრები, მათი განსხვავებულობა და ის, რომ ყოველი მეორე არ ივლის მათნაირი აქსესუარით. ჩვენ საზოგადოებაშიც არიან საოცრად გემოვნებიანი და, რაც მთავარია, კარგი შემფასებელი ადამიანები, რომლებიც სწორად და საღად ხედავენ განსხვავებას კარგსა და ნაკლებად კარგს შორის.
— გამოფენებში ხშირად იღებთ მონაწილეობას?
— კი, უამრავ გამოფენასა და სხვადასხვა ფესტივალებში ვიღებ მონაწილეობას. მაგალითად, მოდის კვირეულებში, სახელმწიფო სტრუქტურებისა და სხვადასხვა კერძო კომპანიების მიერ მოწყობილ ღონისძიებებში, ფესტივალებში. აუცილებლად მიმაჩნია ბიზნესის განვითარების და მარკეტინგის თვალსაზრისით ასეთი აქტივობები.
— რა უნარებია საჭირო, რომ ადამიანმა ასეთი ლამაზი ნაკეთობები, ფერთა საოცარი გამა შექმნას?
— პირველ რიგში, გემოვნება. ხოლო სრულყოფილებისთვის ცოტაოდენი განათლება მაინც ამ სფეროში.
— თქვენ მიიღეთ განათლება ამ კუთხით თუ თვითნასწავლი ხართ?
— კონკრეტულად ამ კუთხით — არა (თუ არ ვცდები, საქართველოში არც არის, მგონი, ამ სფეროში საგანმანათლებლო სივრცე). ზოგადად მხატვრობაში მიღებული განათლება საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერი ხელოვნების დარგში რაიმე ღირებული და საინტერესო შექმნა.
— მოსწავლეების აყვანა არ გიცდიათ?
— სხვათა შორის, შემოთავაზებები მქონია, მაგრამ ამისი არც დრო მაქვს და ვერც საჭიროებას ვხედავ, რადგან მე ვერ ვასწავლი, რა გააკეთოს. უბრალოდ, შემიძლია ვასწავლო, როგორ გააკეთოს, ხოლო ეს „როგორ“ ნებისმიერს შეუძლია ინტერნეტში მოიძიოს. იქ საკმაოდ კარგად და დეტალურად არის ახსნილი ყველაფერი. ამ სფეროში მთავარია, რას შექმნი, თორემ ტექნიკას მუშაობის პროცესი თავად გკარნახობს.
— სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
— ვცდილობ, უფრო გავამრავალფეროვნო პროდუქცია და რაც შეიძლება მეტი ქალბატონი გავახარო ჩემი სამკაულებით.