ქართული სტარტაპი „საგო“, რომელიც ხის სათამაშოებს აწარმოებს, კონკურსის „დაიწყე ბიზნესი Fab Lab“-ით ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა, სადაც მის დამფუძნებელ გოგა ოთინაშვილს ბიზნესის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობა მისცეს. არ გასულა ერთი წელი და „საგო“ წარმატებული სტარტაპი გახდა. მისმა შემქმნელმა, აბიტურიენტმა გოგა ოთინაშვილმა „Sputnik-საქართველოს“ საკუთარ პროექტზე უამბო.
ხის სათამაშოები
სტარტაპი „საგო“ ნახევარი წლის წინ შეიქმნა. პროექტი, ძირითადად, ხის სხვადასხვა სათამაშოს აწარმოებს, რომლებიც ბავშვებში ხელის მცირე მოტორიკას ავითარებს. ეს არის სხვადასხვა კონსტრუქციები, კუბები, სამაგიდო თამაშები — დომინო, „კრესტიკი-ნოლიკი“.
„სტარტაპის მისია ქართული ხის სათამაშოების შექმნა და უცხოური სათამაშოებისთვის კონკურენციის გაწევაა“, — აცხადებს გოგა.
„საგოს“ სათამაშოების სხვა მწარმოებლებისგან ეკომიმართულება გამოარჩევს. სტარტაპი მხოლოდ ნატურალურ მასალას იყენებს, მუშაობს სხვადასხვა ტოქსიკური საღებავებისა და სხვა მავნე ნივთიერებების გარეშე, რომლებმაც ბავშვის განვითარებაზე ცუდი ზეგავლენა შეიძლება მოახდინონ.
"
სპინერი, ჰალსტუხი და არამარტო…
საინტერესო ტექნოლოგიით, რომელსაც სტარტაპში იყენებენ, დრეკად ხეს ამზადებენ. ასეთი მასალისგან ადვილად მზადდება ისეთი ნივთები, როგორიცაა, მაგალითად, ჰალსტუხი ან ყუთი, რომელიც ანჯამას გარეშე იხსნება.
პროექტის შემქმნელი სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს. ბავშვები ძალიან ინტერესდებიან, როდესაც მყარი ხე რბილი ხდება. საიდუმლო კი დამუშავებაშია. ხის ფირფიტები სპეციალურად ისე იჭრება, რაც მათ პლასტიკურს ხდის.
სტარტაპმა პირველი ქართული ხის სპინერიც წარმოადგინა. ეს არის სათამაშო-ანტისტრესი, რომელიც სასწაულად პოპულარული ჯერ აშშ-ში გახდა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში.
„დღეს სპინერი მეგაპოპულარულია. ჩვენ დროს არ ჩამოვრჩით და პირველი ქართული ხის სპინერი წარმოვადგინეთ. ბაზარმა ის კარგად მიიღო, მასზე ბევრი შეკვეთა გვაქვს.“
სკოლის მერხიდან
გოგა ოთინაშვილს ბავშვობიდან უყვარდა ჩხირკედელაობა, თანდათან ეს მისი ჰობი გახდა. როდესაც გოგამ კონკურსის შესახებ შეიტყო, სადაც ახალგაზრდა ტალანტებს ეძებდნენ და მათ ბიზნესის დაწყებაში ეხმარებოდნენ, მან დაუფიქრებლად განაცხადი გაგზავნა.
„კონკურსში არაფერი რთული არ ყოფილა. უბრალოდ შენი იდეა უნდა წარმოგედგინა და დაგემტკიცებინა, რომ ის სიცოცხლისუნარიანია. სწავლისა და სტარტაპზე მუშაობის შეთავსება არ გამჭირვებია. მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს რაღაც მართლა ძალიან უნდა, ამისათვის დროს ყოველთვის გამონახავს“, — აღნიშნა ოთინაშვილმა.
სტარტაპი ვითარდება. მას კერძო სპონსორიც ჰყავს, რომელიც პროექტს მასალით ეხმარება. აღსანიშნავია, რომ გოგა, პრაქტიკულად, მარტო მუშაობს. თუმცა, ფიქრობს დამხმარეების აყვანაზე. სწავლის გაგრძელებას ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტზე აპირებს, რაც მას მომავალში საქმის განვითარებაში დაეხმარება.