ზურაბ დვალი ცნობილი ქართველი ჟურნალისტია, რომელმაც მაყურებელს თავი საინტერესო რეპორტაჟებითა და ორიგინალურ თემატიკაზე მომზადებული გადაცემებით დაამახსოვრა. 90-იან წლებში მუშაობდა რადიოსადგურში „მაიაკი“, „გერმანულ ტალღასა“ და რადიო “თავისუფლებაში“. სატელევიზიო სფეროში 1994 წლიდან მოღვაწეობს. ასევე ამზადებდა გადაცემებს კავკასიის უძველესი ცივილიზაციის კულტურული მემკვიდრეობის თემატიკაზე. იყო დოკუმენტური ფილების ციკლის: „უცნობი კავკასია“ ავტორი და წამყვანი. დღეს ჟურნალისტი მიწვევით იმყოფება ჩეხეთში, სადაც სატელევიზიო საქმიანობას ასევე წარმატებით აგრძელებს. მას პრაღაში დავუკავშირდით.
— ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც დამიკავშირდა ჩემი მეგობარი, ნიჭიერი რეჟისორი და პროდიუსერი ირინა ხანგოშვილი და შემომთავაზა ჩემთვის აბსოლუტურად განსხვავებული ამპლუა — კულინარიული გადაცემის წამყვანობა. თანაც, დასძინა: შენი სერიოზული ჟურნალისტის იმიჯიდან გამომდინარე, მესმის, რომ სრული ავანტიურაა, რასაც ვამბობო. შემოთავაზებას დაუფიქრებლად დავთანხმდი, საერთოდ მიყვარს სიახლე, თანაც, ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო. როგორც აღმოჩნდა, ირინამ რუსეთის მე-8 არხს (შემეცნებით-გასართობი არხია) საქართველოდან ტურისტულ-კულინარიული პროექტი შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო. ტელეარხმა ენერგიული, იუმორის გრძნობით დაჯილდოებული და რუსული ენის კარგი მცოდნე წამყვანი მოითხოვა. ამ პროექტს როგორც ჩვენთან, ისე საზღვარგარეთ კარგად ცნობილი ოპერატორი, თემურ გაბაშვილი იღებს. სხვათა შორის, თემოც და ირინაც პრესტიჟული სატელევიზიო პრემია „ტეფის“ (ТЭФФИ) მფლობელები არიან. გადაცემას დავარქვით „Ждем в гости с Зурабом Двали“. ასე რომ, ამ პროექტს პირველი აღიარება მოჰყვა რუსეთში. 2016 წელს ეს გადაცემა რადიო „თავისუფლების“ სატელევიზიო არხის „Настоящее Время“ —ს ხელმძღვანელმა, ქენან ალიევმა ნახა და ძალიან მოეწონა. მან პროგრამის ახალ არხზე გადმოტანა შემოგვთავაზა.
- და თანაც სერიოზულ პოზიციაზე მუშაობაც შემოგთავაზეს…
— დიახ, გადაცემის წამყვანობის გარდა პრაღაში, სადაც ეს არხი მდებარეობს, ასევე პროდიუსერის პოზიცია და არხის მაუწყებლობის ჯგუფში მუშაობაც შემომთავაზეს. ასე აღმოვჩნდი პრაღაში, სადაც წელიწადზე მეტია, ვცხოვრობ და ვმუშაობ. ჩეხეთი არა მარტო პოპულარული ტურისტული ქვეყანაა, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მძლავრი ინდუსტრიული სახელმწიფოა.
- ბატონო ზურაბ, თქვენი 27-წლიანი ჟურნალისტური პრაქტიკის მანძილზე, ძირითადად უცხოური მასმედიისთვის გიწევდათ მუშაობა და ამიტომ ნაცნობი კოლეგები, სავარაუდოდ, პრაღაშიც დაგხვდებოდათ, ასეა?
— დიახ, საბედნიეროდ, პრაღაში ბევრი მეგობარი და ნაცნობი დამხვდა, რამაც ძალიან გამახარა. მართალი ბრძანდებით, ჟურნალისტურ წრეებში საქართველოს ფარგლებს გარეთაც კარგად მიცნობენ. რაც შეეხება, რადიო „თავისუფლებას“, ისე მოხდა, რომ ერთი პერიოდი ქართული რედაქციის მოსკოვის კორესპოდენტი ვიყავი, შემდეგ გადაცემა „Настоящее Время“ —ს საქართველოს სატელევიზიო ჯგუფის ხელმძღვანელი. ასე რომ, ამ სფეროში მთლად უცნობი ადამიანი არ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე პოლიტიკურ ჟურნალისტად მიცნობდნენ, დღეს ჩემი კოლეგები ძირითადად ქართულ სამზარეულოსა და კურორტებზე მესაუბრებიან. რაც შეეხება ჩეხებს, ცხადია, მათ თავისი სატელევიზიო ვარსკვლავები ჰყავთ და ქართული ჟურნალისტიკა მათთვის უცხო ხილია, რაც სრულიად გასაგებია.
- თუმცა, ჩეხეთის პრესაში უკვე გაიჟღერა თქვენმა სახელმა…
— ასეა, სულ ახლახან აქაურ პოპულარულ გაზეთში „Hospodářské noviny“ ჩვენი არხის შესახებ ვრცელი მასალა გამოქვეყნდა. იქვე ისიც დაიწერა, რომ წარმატებული პროექტის “Ждем в гости“-ის წამყვანი, ცნობილი ქართველი ტელევარსკვლავი ზურაბ დვალია, რომელმაც ჩეხებს საკუთარი კულინარიაც კი გააცნოო. იგულისხმება ის რამდენიმე გადაცემა, რომელიც ჩეხეთში მოვამზადეთ.
- ჩეხეთი პოსტსაბჭოური სივრცეა, რამდენად რთული იყო ადაპტაციის პერიოდი და საერთოდ როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?
— ჩეხეთი ძალიან მეგობრული ქვეყანაა, საცხოვრებლად საოცრად კომფორტული. პრაღა არქიტექტურის თვალსაზრისით გამორჩეულად ლამაზი და მიმზიდველი ქალაქია. ადაპტირება ნამდვილად არ გამიჭირდა, რაშიც ჩემი საქმე და სამსახური დამეხმარა. ამისთვის მადლობა ჩემს მეგობრებს და კოლეგებს იმისთვის, რომ მათი დახმარებით აქაურ ცხოვრებას სწრაფად ავუღე ალღო. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე ჩეხეთში ჩასულთა მიმართ ადგილობრივების ტოლერანტობაა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ აქ არსებული ყველა პატარა სასურსათო მაღაზია „Vecherka” ვიეტნამელებს ეკუთვნით, ეს მათი ბიზნესია. ამ ქსელში გვიანობამდე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ათასობით ვიეტნამელი მუშაობს. ეს აქ არავის აღიზიანებს, პირიქით, შეიძლება ითქვას ყველასთვის მისაღებია. გაკვირვება გამოიწვია ჩემში ერთმა ფაქტმა — ჩეხები აბსოლუტურად არაეკლესიურები არიან და ბევრი საოცრად ლამაზი უნიკალური ქრისტიანური ტაძარი დგას ცარიელი ან მუზეუმად ქცეული.
- ბატონო ზურაბ, როგორი პარტნიორები და მეგობრები არიან ჩეხები და რომელი გამორჩეული რესპოდენტი დაგამახსოვრდათ?
— ჩეხეთში მე, ირინამ და თემომ რამდენიმე გადაცემა გადავიღეთ და ჩეხების მიმართ დიდი სიმპათიით განვიმსჭვალეთ. ქართველებს მათაგან დისციპლინა, სხვისი პირადი ცხოვრების პატივისცემა და ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. ყურადღებიანი და საქმიანი ხალხია. ძირითადად ძალიან გახსნილები და უკომპლექსოები არიან. არ დამავიწყდება გადაცემა, რომელიც ცნობილ ჩეხ კულინარს, იაროსლავ საპიკს მივუძღვენით. ეს არის ლეგენდარული შეფ-მზარეული, რომლის წინაპრები, ასევე მზარეულები, მეფეებს ემსახურებოდნენ. თავად იაროსლავ საპიკი — პრეზიდენტებს, პრაღაში ჩამოსულ მონარქებს, რომის პაპს და ბრიტანეთის დედა-დედოფალს საკუთარი რეცეპტით დამზადებული კერძებით უმასპინძლდებოდა. ეს უამრავი პრიზისა და ჯილდოს მქონე ადამიანი, კაცი-ლეგენდა, რომ იტყვიან, თან გადაგვყვა. გადაცემას ვიღებდით მის რესტორანში, რომელიც ულამაზეს მხარეში, მორავიაშია. აღფრთოვანებას ვერ ვმალავდით: რა კერძები, რა დესერტები მოჰქონდა… საკუთარი ღვინო მოგვართვა, მოკლედ, თავი ქართულ სუფრაზე მეგონა. ბოლოს ჩვენი გამოშვება არ უნდოდა. ერთი სიტყვით, ჩემი გამორჩეული რესპონდენტი საოცრად სტუმართმოყვარე კაცი აღმოჩნდა.
- დღევანდელი გადასახედიდან, ყველაზე წარმატებულად თქვენი რომელი პროექტი და გადაცემა მიგაჩნიათ?
— ძალიან მწყდება გული, რომ ტელეკომპანია „ПИК“ —ის დახურვის შემდეგ საშუალება აღარ მომეცა საავტორო პროექტი „ამოუცნობი კავკასია” (Неизвестный Кавказ) გამეგრძელებინა. ეს ჩემთვის უბედნიერესი და საინტერესო პერიოდი იყო, როცა მეგობრებთან ერთად (უფოლოგი ერეკლე შონია, გეოგრაფი-მკვლევარე კახა ჯელია) სენსაციურ თემებზე ვაკეთებდით ფილმებს, რომლებიც ეხებოდა უნიკალურ მეგალითურ ნაგებობებს, პალეოკონტაქტის არტეფაქტებს, გიგანტების რასას საქართველოში, დიდ კავკასიურ კედელს და ბევრ ისეთ თემას, რაც დღემდე ნაკლებადაა ცნობილი და სერიოზულ კვლევას საჭიროებს. სულ 7 ფილმის გადაღება მოვასწარით. ამ ფილმებს უცხოეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ 2012 წელს, სამწუხაროდ, გავჩერდით. როცა ეს ფილმები სხვა ქართულ არხებს შევთავაზეთ, უარით გამოგვისტუმრეს — „პოლიტიკა გვინდა და ასეთი თემები არ გვაინტერესებსო”- რაც გაუგებარი და ძალზე სამწუხაროა…
- თუ შეიძლება, გაიხსენეთ ჩეხეთში თავს გადამხდარი რაიმე ამბავი, რომელიც უკვე ჩაიწერა თქვენს მოგონებებში…
— ალბათ იცით, რომ ირასა და თემოსთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში გადაცემის მომზადება მიწევს. სადაც კი ვიყავით, ყველგან რატომღაც ფიქრობენ, რომ ადგილობრივი ვარ. ჩეხეთში ჩეხურად მესაუბრებიან, ესპანეთში — ესპანურად, იტალიაში- იტალიურად, ისრაელში ივრითზე, ბერძნები ბერძნულად. ასე რომ, ჩემი მეგობრები ამას უკვე მიჩვეული არიან… ჰოდა, ერთხელაც, ოდესაში ვართ გადაღებაზე, იქ ქალაქის ცენტრალური პარკია, სადაც ასაკოვანი, ძველი ოდესელები იკრიბებიან. ვხედავ, ერთი ქალბატონი დაკვირვებით მიყურებს, მათვალიერებს და მერე ტიპიური ოდესური კილოთი მომმართავს: „ნუ, თქვენ რა თქმა უნდა, ყველაფერზე გეტყობათ, რომ ოდესელი ხართ, ასე გემოვნებით მხოლოდ ჩვენებური თუ იცვამსო“, —ამაზე სამივეს აგვიტყდა სიცილი…
- პრაღა ულამაზესი ქალაქია მსოფლიოში. როგორია თქვენი „აღმოჩენილი“ პრაღა?
— პრაღა ნამდვილად ულამაზესი ქალაქია, სადაც უამრავი ტურისტი ჩამოდის მთელი მსოფლიოდან. ქალაქის ცენტრი, კარლოვის ხიდი, სტარომესტკას მოედანი, ქალაქის გული, სადაც კოშკს ძველებური ასტრონომიური საათი ამშვენებს. პრაჟსკი გრადი, თავის სამეფო რეზიდენციებითა და ულამაზესი ბაღებით — რომელი ერთი დავასახელო… პრაღა სასწაული სილამაზის, შუა საუკუნეების ნამდვილი ზღაპარია. განსაკუთრებით ლამაზია ჩეხეთის დედაქალაქი აღდგომის დღეებში, როცა ისეთი შეგრძნება გიჩნდება, რომ უნებლიეთ ფილმში „სამი კაკალი კონკიასთვის” აღმოჩნდი. მით უმეტეს, რომ ყველგან ისევ და ისევ კარელ გოტის დაუვიწყარი სიმღერები ისმის…