თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. აღრიცხვის ახალი სისტემის დანერგვა ინდივიდუალურ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, დაამონტაჟოს მიკროელექტროსადგურები, რომლებიც განახლებად ენერგიაზე იმუშავებენ.
მიკროელექტროსადგურები — ეს 1-100 კვტ სიმძლავრის ელექტროსადგურებია, რომელთა დანიშნულებაა ინდივიდუალური საყოფაცხოვრებო და კომერციული მომხმარებლების (კოტეჯების, ბინების, სავაჭრო საწარმოების, ოფისების) ელეტქროენერგიით მომარაგება. აშშ-ში, იაპონიასა და ევროპის ქვეყნებში მომხმარებელთა ყველაზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს ბუნებრივ აირზე მომუშავე 1-10 კვტ სიმძლავრის კოგენერაციული მიკროელექტროსადგურები, რომლებსაც ერთოჯახიან კოტეჯებსა და მცირესართულიან სახლებში იყენებენ.
მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მიკროელექტროსადგურები თბო- და ელექტრომომარაგების სისტემებში განიხილება როგორც სათბურის აირების გაფრქვევის შემცირების ეფექტური საშუალება.
თბილისის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში გაიმართა პრეზენტაცია პროექტისა "ნეტო-აღრიცხვის რეგულირება საქართველოში". ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.
„საქართველოში ენერგეტიკა განვითარების უკვე ისეთ საფეხურზეა, როდესაც განახლებადი ენერგიების ათვისება და გამოყენება მხოლოდ ქვეყნის, სექტორის ფუფუნება კი არ არის, არამედ სავსებით ხელმისაწვდომი, მეტიც, სარფიანია ნებისმიერი მოქალაქისთვის“, — ციტირებს კალაძის სიტყვებს ენერგეტიკის სამინისტროს პრეს-სამსახური.
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური (ე.წ. ნეტო–აღრიცხვა), როგორც საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან და მისი დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს.
აღნიშნული ცვლილებით საცალო მომხმარებელს მიეცა შესაძლებლობა, დაამონტაჟოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, აწარმოოს ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისთვის, ამავდროულად პარალელურ რეჟიმში ჩაერთოს ელექტროსისტემაში და გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდოს ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებული საკუთარი ელექტროენერგია ვერ დააკმაყოფილებს მის მოხმარებას, გამანაწილებელი კომპანიის ქსელიდან მიიღოს შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგია.
„ნეტო-აღრიცხვა ეს არის პირველ რიგში დემონსტრირება მოქალაქისა და სახელმწიფოს ურთიერთსასარგებლო კომუნიკაციის, მეორე რიგში კი თანამედროვე, ევროპული ცხოვრების, აზროვნებისა და შემოსავლის მოძიების სტილი“, — განაცხადა კახა კალაძემ.