თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი გერმანიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი კლასიკური მუსიკის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემის — ბრიტანული ჟურნალ Gramophone-ის პრემიის პრეტენდენტია.
პრემია Gramophone, ტრადიციისამებრ, კლასიკური მუსიკის უძლიერეს შემსრულებლებს ენიჭებათ და Grammy-ს პრემიის ბრიტანულ ანალოგად არის მიჩნეული.
Gramophone-ის პრემიის შორტ-ლისტში სხვა ცხრა მუსიკოსთან ერთად ბათიაშვილი ნომინირებულია „წლის არტისტის" წოდებაზე. ამ ტიტულის მისაღებად ათი უძლიერესი პრემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ონლაინ-კენჭისყრით გამოავლინეს.
ლიზა ბათიაშვილის გარდა, ნომინანტებს შორის არიან რუსი დირიჟორი ვასილი პეტრენკო, არგენტინელი ვიოლონჩელისტი სოლ გაბეტა, გერმანელი პიანისტი და დირიჟორი ლარს ფოგტი, სოპრანო კაროლინ სემპსონი, გერმანელი მევიოლინე იზაბელ ფაუსტი, ბრიტანელი პიანისტი იმოჯენ კუპერი და სხვ.
ლიზა ბათიაშვილი ნომინანტების სიაში წოდებისთვის „წლის საუკეთესო არტისტი" ცნობილ დირიჟორ და პიანისტ დანიელ ბარენბოიმთან (Daniel Bahrenbäum) და ბერლინის სახელმწიფო კაპელასთან ერთად გამოსვლის წყალობით წარადგინეს. კონცერტზე შესრულდა ჩაიკოვსკისა და სიბელიუსის ნაწარმოებები. ალბომი 2017 წელს გერმანულმა კომპანია Deutsche Grammophon-მა გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ ეს ჩანაწერი Gramophone-ის იანვრის რეიტინგში პირველ ადგილზე იყო.
კენჭისყრა გაიმართება ონლაინ, Gramophone-ის ვებ-გვერდზე 2017 წლის 16-31 ივლისის პერიოდში. „წლის არტისტს" 13 სექტემბერს დაასახელებენ.
ლიზა ბათიაშვილი ოჯახთან ერთად გერმანიაში 1991 წელს გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ჰამბურგის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სკოლაში (Hochschule fur Musik und Theater Hamburg) სწავლობდა. 2001 წელს ჩაწერა პირველი ალბომი იოჰან სებასტიან ბახის, ფრანც შუბერტის და იოჰანეს ბრამსის ნაწარმოებებით.
აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ბათიაშვილისათვის დაიწერა მანგუს ლინდბერგის კონცერტი ვიოლინოსთვის, რომელიც მან პირველად 2006 წელს შვედეთსა და აშშ-ში შეასრულა.