თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კოლუმბიაში გემის ჩაძირვის გამო, რომლის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ტურისტული გემი El Almirante, რომელზეც დაახლოებით 150 ადამიანი იმყოფებოდა, კოლუმბიის ქალაქ გუატაპეს მახლობლად წყალსაცავში კვირას ჩაიძირა. დადასტურებული ინფორმაციით, დაიღუპა 6 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, გადარჩენილია 133 ადამიანი, ხოლო 16 უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს კოლუმბიის რესპუბლიკის მთავრობას, ასევე დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს და უცხადებს მათ გულითად თანადგომას ამ მძიმე წუთებში, ხოლო გადარჩენილებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას", — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მიმდინარეობს ტრაგედიის მიზეზების დადგენა. გადარჩენილებმა ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებს განუცხადეს, რომ გემი El Almirante გადატვირთული იყო, ბორტზე მყოფ არცერთ პირს მაშველი ჟილეტი არ ჰქონია.